"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ სალუქვაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა.
"ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები," მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოვიდეს საკუთარ ხალხთან ბოიკოტირების რეჟიმიდან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. დღეს გურიაში ყველას აწუხებს თხილის ფასებთან დაკავშირებული საკითხი. გურიაში თხილის კულტურა უმრავლესობისათვის წარმოადგენს ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს. ამიტომ ეს საკითხი მათთვის ძალზედ მტკივნეულია." – თქვა თემურ სალუქვაძემ.
მისივე თქმით, არსებობს უამრავი ინფორმაცია, ეჭვი, ფასების კონტროლთან დაკავშირებით, ხოლო რეალური ვითარება კი ყველასთვის გაუგებარი და უცნობია.
"ჩვენ, კარგად გვესმის, რომ ფასებს არეგულირებს ბაზარი, მაგრამ თუ კი რეალობაში შეიძლება არსებობდეს ფასებზე რაიმე ხელოვნური ჩარევისა ან რეგულაციის შესაძლებლობები, რა თქმა უნდა ეს კატეგორიულად დაუშვებელია. სამთავრობო სტრუქტურებში არსებობს სამსახურები, (ვგულისხმობ ყოფილ ანტიმონოპოლიურ სამსახურს, დღევანდელი სტრუქტურით კონკურენციის სააგენტოს) რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, რომელთა უშუალო ვალდებულებაა, ასეთი ტიპის პრობლემების შესწავლა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ვითხოვთ შესწავლილი იქნას აღნიშნული საკითხი ექსპერტების, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც საკითხის ღრმად შესწავლის შედეგად, პრობლემას დაუსვამს სწორ დიაგნოზს, აქვს თუ არა ადგილი ფასებით მანიპულაციას და ამის შესახებ საზოგადოებას მიაწვდის სწორ ინფორმაციას.
აუცილებლად და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დარგობრივმა სამსახურებმა შეძლებისდაგვარად მოსახლეობას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია თხილის ბიზნესში არსებული მდგომარეობის შესახებ. გააცნოს საზოგადოებას, მსოფლიო ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე, მათი პროგნოზი თხილის ფასების სავარაუდო ცვლილებთან დაკავშირებით. ამით შესაძლებელი გახდება, გარკვეულწილად მოსახლეობამ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ზარალი." – გვითხრა თემურ სალუქვაძემ.