ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში თამაზ ცეცხლაძის ოჯახში გურიის პოლიციის დეპარტამენტის ყველა მაღალჩინოსანია მობილიზებული. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ თამაზ ცეცხალძის მეუღლე ზეინაბ ცეცხლაძე დღეს გარდაიცვალა. "გურია ნიუსს" ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ და დახმარება თხოვეს.
როგორც ისინი ამბობენ, სამართალდამცავებს მიცვალებულის გადაყვანა უნდათ სამედიცინო ექსპერტიზაზე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამის წინააღმდეგი არიან. მათთან სახლში იმყოფება თითქმის მთელი სოფელი. თამაზ ცეცხლაძე მეუღლის გარდაცვალებაში მთავრობას ადანაშაულებს. მისი თქმით, მართალია ოჯახი ავტოკატასტროფის შედეგად დაზარალებულს არაფერს აკლებდა, მაგრამ სათანადოდ მაინც ვერ უმკურნალეს. რადგან ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობის ღირებულება დღეში 190 ლარი ჯდებოდა. ოჯახს კი ამის საშუალება არ გააჩნდა, რის გამოც დაშავებული სახლში გადაიყვანეს. "ამ სახელმწიფოში ნებისმიერი ადამიანი არის დაუცველი" -ამბობს "გურია ნიუსთან" თამაზ ცეცხლაძე.
ამავე თემაზე: "არჩევნებზე ხომ მომაკითხავენ? როგორც დამიდგნენ გაჭირვების დროს, ისე გადავუხდი სამაგიეროს"