თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თორნიკე შევარდნაძის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა.
როგორც შევარდნაძემ "გურია ნიუსს" უთხრა, იმ წუთებში, როდესაც რექტორის კაბინეტში თვითმმართველობის წევრებისა და სხვა უცხო პირების შეჭრა მოხდა, რექტორი კაბინეტიდან სტუდენტების ნაწილთან შესახვედრად იყო გამოსული.
"ჩვენთვის უცნობია, თუ სად არის ახლა ლადო პაპავა. შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შეგვხვდა და გვესაუბრა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მის კაბინეტში თვითმმართველობის წევრები და სხვა უცხო პირები შეიჭრნენ, ჩვენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. სტუდენტების ნაწილი ვრჩებით 115-ე აუდიტორიაში და არანაირ პროვოკაციაზე წამოგებას არ ვაპირებთ. სამომავლო გეგმებს ვადგენთ. რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც რექტორის კაბინეტში იმყოფებიან, ჩვენი ინფორმაციით, ისინი რექტორის გადადგომამდე კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ.
საინტერესოა ის, რომ ჩვენი მხარდამჭერი სტუდენტები შენობაში შემოსვლას ვერ აცხერხებენ, რადგან მათ დაცვა არ უშვებს, თუმცა, აგრესიულად განწყობილმა ჯგუფმა, დაახლოებით 150-მა ადამიანმა შენობაში შემოსვლა მოახერხა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, პიროვნებაზე თავდასხმა. იმ მომენტისთვის რექტორი არ იმყოფებოდა კაბინეტში, მაგრამ არანაირი გარანტია არ იყო, რომ იქ მათ ლადო პაპავა არ დახვდებოდათ. შესაბამისად, მას საფრთხე არ დაემუქრებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგობა არ გაუწიეს", _ აღნიშნა შევარდნაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა ნაწილმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა. მათ მოუწოდეს პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მივიდნენ უნივერსიტეტში.
სტუდენტები მიიჩნევენ, რომ პროცესი გასცდა უნივერსიტეტის ფარგლებს და სახელმწიდო დონეზე ავიდა.