თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ვაჟა ნაჭყებია დამნაშავედ სცნო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ.თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულ მანუჩარ მაისურაძეს მისი მეუღლის შეურაცხყოფის გამო, შელაპარაკება მოუვიდა 1992 წელს დაბადებულ ვაჟა ნაჭყებიასთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ვაჟა ნაჭყებიამ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით მანუჩარ მაისურაძეს ზურგში დაარტყა დანა, რის შემდეგაც იგი კვლავ ცდილობდა წაქცეული დაზარალებულისთვის დანის განმეორებით დარტყმას, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შესძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ვაჟა ნაჭყებია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მოსამართლემ ბრალდებულ ვაჟა ნაჭყებიას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.