ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრები არობელიძეების ოჯახი ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხანძარს წმ. პანტელეიმონის ხატი გადაურჩა და ის დღემდე იმ ადგილზე რჩება, სადაც ხანძრის გაჩენამდე იყო.
სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ არობელიძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი გასული წლის დეკემბერში დაეწვა. ხის მასალა, თუნუქის სახურავი და არმატურა ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა – გოჩა აბაშმაძემ მიიტანეს.
"ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუმსუბუქოთ უბედური შემთხვევებისგან გამოწვეული ყოფის სიმძიმე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი საცხოვრებელი ბევრად უფრო ადრე დაიწვა, ვიდრე ჩვენ მოვიდოდით ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაინც ვახერხებთ მათ დახმარებას. ასეთი დაახლოებით 400-მდე ოჯახი გვყავს,"– თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.