"საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ახალი კვლევის შედეგები გააცნო.
ლევან ხინთიბიძის თქმით, კვლევის მიზანი იყო ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების _ ე. წ. ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების საქმიანობის მონიტორინგი და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასევე, ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი საჯარო ფინანსების ეფექტურად განკარგვისა და ანგარიშგების მექანიზმების დამკვიდრების ხელშეწყობა. ~
"მომეტებული ყურადღება იმითაა განპირობებული, რომ ხსენებული მუხლი, შესაბამისი საბიუჯეტო რესურსების მასშტაბებთან შედარებით, საკმაოდ მსხვილ თანხებს მოიცავს და, რაც მთავარია, ბიუჯეტიდან არ ჩანს, თუ რაში და რისთვის იყენებს აღნიშნული იურიდიული პირები ამ თანხებს", _ ამბობს ლევან ხინთიბიძე.
ლევან ხინთიბიძემ ამ ეტაპზე ქალაქ ოზურგეთის ა(ა)იპ-ების შესახებ ისაუბრა:
"შეინიშნება ა(ა)იპ-ების რაოდენობის შემცირების ტენდენცია და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება შპს-ებს, გასულ წელს მათი ოდენობა 2 ერთეული გახლდათ, მაგრამ რადგანაც ქალაქის საკუთრებაში არსებული აგრარული ბაზარი გასხვისდა შპს "ოზურგეთის სავაჭრო ცენტრის" არსებობამ აზრი დაკარგა და იგი გაუქმდა, ხოლო შპს "გურია ტრეველი" მიმდინარე წელს საბიუჯეტო დაფინანსებას არ იღებს", _თქვა ხინთიბიძემ.
მისივე თქმით, ყველა ა(ა)იპ-ის მართვის სტრუქტურა, თითქმის, ერთნაირია _ ყველას ჰყავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. თავის მხრივ, დირექტორი მერთან ათანხმებს ყველა საშტატო (არასაშტატო) განრიგს და მათ ოდენობებს, თანამდებობრივ სარგოებსა და მათ წლიურ ბიუჯეტს. იგი, ასევე, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მერის წინაშე.
მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ რა დაფინანსებას იღებს წლიდან წლამდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები:
"მუნიციპალიტეტის სერვისცენტრი" _ 2015 წელი _ დაფინანსება 830 200 ლარი, ხელფასი _ 480 200. 2016 წელი _ 985 000 ლარი, ხელფასი _ 610 860;
"მუსიკალური სკოლა" _ 2015 წელი _ დაფინანსება _ 112 000, ხელფასი _109 600 ლარი. 2016 წელი _ 115 000 ლარი, ხელფასი _ 115 000 ლარი;
"კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი" _ 2015 წელი _ დაფინანსება 185 300 ლარი, ხელფასი _ 36 400 ლარი. 2016 წელი _ 427 000, ხელფასი _ 347 460 ლარი;
"სპორტის განვითარების ცენტრი" _ 2015 წელი, დაფინანსება 206 600 ლარი, ხელფასი 26 500 ლარი. 2016 წელი _475 000 ლარი, ხელფასები _ 305 760 ლარი;
"მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი" _ 2015 წელი _ დაფინანსება 100 500 ლარი, ხელფასი _ 28 900 ლარი. 2016 წელი _ 110 000 ლარი, ხელფასი _ 92 100 ლარი;
"მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა" _ 2015 წელი _ დაფინანსება 65 300 ლარი, ხელფასი _ 24 200 ლარი. 2016 წელი _ 70 800 ლარი, ხელფასი _ 68 280 ლარი;
"სახვითი ხელოვნების ცენტრი-სურათების გალერეა" _ 2015 წელი _ დაფინანსება 90 400 ლარი, ხელფასი _ 39 000 ლარი. 2016 წელი _ დაფინანსება 90 400 ლარი, ხელფასი _ 44 400 ლარი;
საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" _ 2015 წელი _ დაფინანსება 231 000 ლარი, ხელფასი _ 19 200 ლარი. 2016 წელი _ 427 500 ლარი, ხელფასი _ 365 360 ლარი;
"კულტურისა და დასვენების პარკი" _ 2015 წელი _ დაფინანსება 55 000 ლარი, ხელფასი _ 10 800 ლარი. 2016 წელი _ 66 300 ლარი, ხელფასი _ 46 800 ლარი;
ქორეოგრაფიული ანსამბლი "გურია" _ 2015 წელი _ დაფინანსება 130 000 ლარი, ხელფასი _ 90 800 ლარი. 2016 წელი _ 185 000 ლარი, ხელფასი _ 145 500 ლარი;
"რაგბის განვითარების ცენტრი" _ 2015 წელი _ დაფინანსება 93 300 ლარი, ხელფასი _ 27 600 ლარი. 2016 წელი _ 152 000 ლარი, ხელფასი _ 110 100 ლარი;
"საბავშვო თეატრი" – 2015 წელი _ დაფინანსება 61 300 ლარი, ხელფასი _ 48 700 ლარი. 2016 წელი _ დაფინანსება 70 000 ლარი, ხელფასი _ 61 120 ლარი;
"სკოლა-სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრი" _ 2015 წელი _ დაფინანსება 905 500 ლარი, ხელფასი _ 477 100. 2016 წელი _ დაფინანსება 970 200 ლარი, ხელფასი _ 595 265 ლარი;
"ცენტრალური ბიბლიოთეკა" _ 2015 წელი _ დაფინანსება 79 400 ლარი, ხელფასი _ 16 800 ლარი. 2016 წელი _ დაფინანსება 109 300 ლარი, ხელფასი _ 73 920 ლარი;
შპს "გურია ტრეველი" _ 2015 წელი _ დაფინანსება 8 100 ლარი, ხელფასი _ 7160 ლარი. დაფინანსება შეუწყდა 2016 წელს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ ნადირიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს,ოპოზიციას არ აქვს მსგავსი ინფორმაციის მოპოვების საშუალება: "მეტად საინტერესო ინფორმაციაა საზოგადოებისთვის. როგორც იქნა დეტალურად გავიგე, რა დაფინანსება აქვთ ა(ა)იპ-ებს. 2015 წელს მათი ხელფასები ბიუჯეტის 49%-ს შეადგენდა, ეს ციფრი 2016 წელს გაიზარდა და 61 პროცენტს შეადგენს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მონაცემებში არ შედის ოზურგეთის თეატრის დაფინანსება და ხელფასები", _ გვითხრა თამარ ნადირიძემ.
"საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჩვენთვის უცნობია, შესაბამისად, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.
ჩვენს კითხვაზე, წინა წელთან შედარებით, რამ განაპირობა "მერცხალის", სპორტის განვითარების ცენტრის" და "კულტურის და დასვენების ცენტრის" დაფინანსების ზრდა, პრესსამსახურში ასე გვიპასუხეს: "ა(ა)იპ "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი მერცხალის" ბიუჯეტის გაზრდა განაპირობა რეორგანიზაციის პროცესმა, რის შედეგადაც აღნიშნულ ა(ა)იპ-ში გაერთიანდა ა(ა)იპ "ცენტრალური სტადიონი" და ა(ა)იპ "საფეხბურთო კლუბი მერცხალი". გამომდინარე აქედან, მათ დაუმტკიცდათ გაერთიანებული ბიუჯეტი. ამავდროულად, გახორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იგივე რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, ა(ა)იპ "სასპორტო სკოლა", ა(ა)იპ "საჩოგბურთო სკოლა" და თავად ა(ა)იპ "სპორტის განვითარების ცენტრი" გაერთიანდა ა(ა)იპ "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრად", რის შედეგადაც, ასევე, გაიზარდა ბიუჯეტი.
ა(ა)იპ "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკის" ბიუჯეტის გაზრდა განაპირობა აღნიშნულ პარკში საბავშვო ზონის მოწყობის, კერძოდ, მექანიკური ატრაქციონების შეძენისა და არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროებამ.
სსიპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების მიერ წარმოდგენილი იქნა საბიუჯეტო განაცხადები, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციებს შრომითი ანაზღაურებისა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების შესახებ. აღნიშნული განცხადებები შესწავლილ იქნა და განხილული, შესაბამისად, მათი უკეთესი ფუნქციონირების, განვითარებისა და ხელშეწყობისათვის გამოიყო ასიგნებები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გამართულ მუშაობას", _ გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.