ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონე და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, როგორც მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტი.
არის თუ არა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი, ინტერესდება თუ არა შესაბამისი უწყებები და მომხმარებელი კვების ობიექტებში მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობით; როგორია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკა, პროგრამა, სტრატეგია, რას არეგულირებს კანონი _ ამ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო გასულ კვირას G-NEWS TV-ის ყოველკვირეული გადაცემა _ "არჩევანი მე!"
გადაცემის პირველ ბლოკში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის" კოორდინატორმა ლია თოდუამ ისაუბრა, რომელსაც თამთა კაკაურიძე შეხვდა.
თოდუა "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია. მისი ინფორმაციით, "კანონპროექტი მომზადდა ერთობლივად სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ":
_ ეს არ არის მომხმარებლების აბსოლუტური დაცვა _ ეს არის რაღაც კონსენსუსი, უფრო რბილი კანონი, იმასთან შედარებით, რაც ევროკავშირის შეთანხმებით, 2019 წლისთვის გვევალება, რომ გვქონდეს. ეს კანონი მაგალითად, არ ითვალისწინებს იმას, რომ მომხმარებლის უფლების დარღვევის გამო, მაშინვე დაჯარიმდეს მეწარმე. ითვალისწინებს იმას, რომ იქნება საჯარო ორგანო _ მომხმარებლის ომბუდსმენი, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს, მოიწვევს დამრღვევ მეწარმეს, შეეცდება, მიაღწიოს შეთანხმებას, დაარწმუნებს მეწარმეს, რომ არ დაჩაგროს მომხმარებელი და თუ ამას ვერ შეძლებს, შემდეგ მიმართოს სასამართლოს.
დღეს, მსოფლიოში სურსათის უვნებლობაზე არსად არ იღებს სახელმწიფო პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა ეკისრება მეწარმეს, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს როგორც საწარმო; მეწარმესვე ევალება მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის და სისუფთავის კონტროლი.
_ რამდენ ბიზნეს სუბიექტს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო და არის თუ არა ეს შემოწმება საკმარისი?
_ რეალურად, დღეს სააგენტოს შემოწმებული ჰყავს 5-6 ათასი მეწარმე. არადა, იცის, რომ 100 ათასი და მეტია რეგისტრირებული. თუმცა, ამდენის შემოწმებას ვერ ახერხებს.
ყოველ წელს ახალი 5 ათასი რომ შეამოწმონ მაინც, 20 წელი დასჭირდება ყველას შემოწმებას. მაღაზიებმა, კაფეებმა, რესტორნებმა იციან, რომ მათთან სააგენტო შესამოწმებლად შესაძლოა არასდროს მივიდეს. ასე არ უნდა იყოს. 5 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შედიოდნენ. მასშტაბებია სერიოზულად გასაზრდელი. გარდა ამისა, იქ, სადაც ვერ შედის სააგენტო, საგანმანათლებლო საქმიანობა მაინც უნდა იყოს _ რამდენი მეწარმეა, რომელსაც აქვს კანონის დაცვის სურვილი, მაგრამ არ იცის ეს როგორ გააკეთოს.
_ არის თუ არა ის ჯარიმები ადეკვატური, რასაც დამრღვევ მეწარმეს კანონმდებლობა აკისრებს _ პირველ ჯერზე 400 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი _ 1200 ლარი?
_ არავინ არ შეასრულებს ვალდებულებას, სანამ დასჯის მექანიზმი ადეკვატური არ იქნება. თუ მეწარმეს კანონის დარღვევა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე დაცვა, ეს ნიშნავს, რომ შენი ჯარიმების სისტემა არ მუშაობს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას თოდუამ.
გადაცემის მეორე ბლოკში სპეციალური სიუჟეტი გავიდა, რომლის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა ხდება კვების ობიექტებში, ვინ და რა სიხშირით ამოწმებს კვების ობიექტებს, საბავშვო ბაღის სამზარეულოებს, სკოლის ბუფეტებს.
სურსათის უვნებლობა, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, კომპონენტების მთელ ჯაჭვს მოიცავს _ პირველადი წარმოება, დამუშავება, განაწილება, მომზადება, მიწოდება.
სურსათის და ჯანსაღი კვების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კვებასთან დაკავშირებული დაავადებების მზარდი ტენდენცია სადღეისოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს და საკვების მიერ გამოწვეული დაავადებები სულ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.
საქართველოში, არავინ ამოწმებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებსაც საკვებზე ყოველდღიური შეხება უწევთ.
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გვიმტკიცებენ, რომ მოზარდებს უსაფრთხო პროდუქტს აწვდიან და ჰიგიენასაც ზედმიწევნით იცავენ, თუმცა, ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ იბანენ ხელს გარეცხილ მწვანილზე.
განსხვავებული სიტუაცია არც საცხობებშია. სადაც როგორც ნედლეულს, ისე მზა ნაწარმს, პერსონალი შიშველი ხელებით ეხება.
ერთ-ერთი საცხობის მფლობელი ამბობს, რომ სამედიცინო შემოწმება ყველა თანამშრომელმა გაიარა, თუმცა, ვერ აკონკრეტებს სად, ვისი მოთხოვნით და რა პერიოდულობით გადიან შემოწმებას თანამშრომლები.
საზოგადოებრივი კვების ამ და რამდენიმე ობიექტში გადაღების უფლება თავისუფლად მოგვცეს; ზოგან კი ობიექტის მენეჯერისთვის ახსნა დაგვჭირდა, რატომ აქვს უფლება მომხმარებელს, იცოდეს, თუ რა პირობებში მზადდება საკვები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დასენიანებული საკვები 200-ე მეტ დაავადებას იწვევს; საქართველოში, ჯერჯერობით, გაურკვეველია სურსათით უზრუნველყოფის რომელ ეტაპზე ემუქრება დაავადების საფრთხე მომხმარებელს.
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაზღვრავს. ხოლო სფეროს ზედამხედველობას, მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტროს დაქვემდებარებული სურსათის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს გურიის სამმართველოს ინსპექტორი ანა პაპავა, ჩვენი გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმარი იყო.
მისი თქმით, იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალს, რომლის გეგმიური შემოწმებაც უნდა მოხდეს, სააგენტო აწვდით: _ ჩვენთან ლოტოტრონის სიტემა მუშაობს. სააგენტოდან მოგვეწოდება იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, სადაც უნდა გავახორციელოთ გეგმიური ინსპექტირება. უახლოეს მომავალში, ალბათ, ადგილზევე ჩავრთავთ ლოტოტრონს და მოსალოდნელია, რომ ერთი და იგივე ბიზნესოპერატორი თვეში ორჯერ შემოწმდეს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას პაპავამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამსახურის ინსპექტორის ინფორმაციით, გურიაში დაახლოებით 2 000-მდე ბიზნესოპერატორია და მათ 17 თანამშრომელი ამოწმებს.
_ ქალბატონო ანა, როგორ ახერხებს 17 ადამიანი 2 000- მდე ობიექტის გადამოწმებას? მარტივი დათვლებით, ყველა ობიექტის შემოწმებას მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლებთ…
_ წელიწადში ერთხელ მაინც ყველას უწევს შემოწმება, _ გვითხრა პაპავამ და აღნიშნა, რომ "ობიექტის წელიწადში ერთხელ შემოწმება შეიძლება არ იყოს საკმარისი".
პაპავას განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველო მრავალმხრივ ღონისძიებებს ატარებს სურსათის უვნებლობის მხრივ:
_ ეს ობიექტებია საბავშვო ბაღები, სკოლის ბუფეტები და ზოგადად, ყველა სახის კვების ობიექტები. რა თქმა უნდა, სამზარეულოში მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ხდება, რისთვისაც შემუშავებულია სპეციალური ფორმები, რომლებიც მიწოდებული აქვს კვების ყველა ობიექტს. იქ, სადაც ექთანი ჰყავთ, შემოწმებას ახორციელებს ექთანი. ხოლო საწარმოში _ ვინმე პასუხისმგებელი პირი. საწარმოო პროცესის მსვლელობის დროს არანაირად არ უნდა დაიშვებოდეს ინფექციური დაავადებებით მატარებელი ადამიანი, _ აღნიშნა პაპავამ გადაცემაში სტუმრობისას.
_ კონკრეტულად რაზე მოწმდება მომსახურე პერსონალი?
_ ყოველდღიურად მოწმდება გარეგნული დათვალიერებით _ ჩირქოვანი გამონაყარი ხომ არ აქვს, ან რაიმე ჭრილობები, ცემინება ან ცხვირიდან გამონადენი…
_ ქალბატონო ანა, ჩვენ რამდენიმე ობიექტი, საბავშვო ბაღი და სკოლის ბუფეტი გადავამოწმეთ. არსად არ უთქვამთ, რომ მსგავსი შემოწმებები ხდება.
_ საბავშვო ბაღის მზარეულებს ე. წ. "ფორმა 100" აქვთ. სულ ახლახან გავახორციელეთ მონიტორინგი და ყველას აქვს ეს ფორმა.
_ ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ მზარეულს გადამდები დაავადების გამო სამსახურიდან წასვლა მოუხდა?
_ ჩემი მუშაობის პერიოდში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.
_ არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ეს ფორმა ვიღაცამ იგი თვითნებურად შეავსოს და არ ასახავდეს რეალობას?
_ ყველა ფორმის ხელს აწერს პასუხისმგებელი პირი. თვითნებურად ამას ვერ გააკეთებენ.
_ გადამოწმებას ახდენთ?
_ გადამოწმებას ვახდენთ გადამოწმების პერიოდში, ეს ხდება გეგმიური ინსპექტირების დროს.
_ როგორ ამოწმებთ?
_ იმ ცხრილის შევსების მიხედვით ხდება გადამოწმება. იმ დღეს, როდესაც ვართ შესული საწარმოში, ჩვენ ვაკონტროლებთ. ძირითადად, გარეგნული დათვალიერება აისახება ჩვენ ცხრილებში.
_ ეს მხოლოდ საბავშვო ბაღებში?
_ ყველგან არის ეს სტანდარტი, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
_ სკოლის ბუფეტების შემოწმებაც სისტემატურად მიმდინარეობს?
_ სკოლის ბუფეტებს რაც შეეხება, უმეტეს მათგანში საწარმოო პროცესი არ მიმდინარეობს. ძირითადად შეაქვთ პროდუქტები და ნაკლებად არის რისკები.
_ თუმცა, საინტერესოა შენახვის პირობები რამდენად არის დაცული…
_ გეთანხმებით. თუ არ არის დაცული, რა თქმა უნდა დარღვევაა.
_ ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალური ბაზრის წინ, კერძო პირები ყოველდღიურად ყიდიან ხაჭაპურს. თუ ამოწმებთ, რა პირობებში მზადდება და არის თუ არა დაცული პროდუქტის შენახვის პირობები?
_ გარე მოვაჭრეების შემოწმებას ვერ ვახორციელებთ, თუ ბიზნესოპერატორად არ არის რეგისტრირებული _ შეიძლება ასე ითქვას, რომ კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას, _ აღნიშნა პაპავამ გადაცემაში სტუმრობისას.