უკრაინის არმიის ოფიცერი, ნადია სავჩენკო სასამართლომ რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. აღნიშნულ ინფორმაციას TELEGRAPH ავრცელებს.
მოსამართლის განცხადებით, სავჩენკომ 2014 წლის 17 ივნისს უკრაინაში, ლუგანსკის ჩრდილოეთით, ნაღმმტყორცნებიდან დარტყმის დროს რუსეთის სახელმწიფო მაუწყებლის თანამშრომლები ანტონ ვოლოშინი და იგორ კორნელიუკი, ასევე, რამდენიმე მოქალაქე მოკლა.
"სავჩენკო დაჯგუფებასთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა. მისი მიზანი იყო მოეკლა შეუზღუდავი რაოდენობის ხალხი, რისი მოტივიც პოლიტიკური სიძულვილი იყო,"_ განაცხადა მოსამართლემ.
როგორც ცნობილია, მას ასევე რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, პროკურატურა უკრაინის არმიის ოფიცრის 23 წლიან პატიმრობას მოითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ერთი საათით ადრე მძევლად აიყვანეს და მისივე ნების საწინააღმდეგოდ რუსეთში წაიყვანეს, როგორც რუსეთის დაზვერვის პატიმარი.
როგორც ცნობილია, უკრაინისა და დასავლეთის მთავრობები სავჩენკოს რუსეთის მძევლად მიიჩნევს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავჩენკოს საქმეზე განაჩენის გამოცხადება 2 დღე გაგრძელდება.