დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში გამართულ მსვლელობას ქალაქის მერიის სამსახურები შეურთდნენ.
მსვლელობის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საინფორმაციო კამპანია "მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან" გამართა. ღონისძიება გურიის მხარის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდა.
აქცია-კონცერტს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ალეკო ბურჭულაძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ვიცე-მერმა დაუნის სინდრომის მქონე პირებს ეს დღე მიულოცა და კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღევანდელ აქციას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაც უერთდება. მნიშვნელოვანია, როცა საზოგადოება აცნობიერებს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც სხვა დანარჩენები. სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებების დაცვას, რათა მათ შეძლონ საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი და სრულფასოვანი მონაწილეობა"– განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ალეკო ბურჭულაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუნის სინდრომის მქონე ყველა პირს საჩუქრად მობილური ტელეფონი და 200 ლარი გადასცა.
აქცია -კონცერტს ორგანიზება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურმა და ქალაქის მერიის სოციალურმა განყოფილებამ გაუწია.
(R)