შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს აწუხებს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა და სწორედ ამის გამო, ორი წლის წინ პრეზიდენტის მიერ დებულებაში შეტანილი ცვლილებით უვადო მსჯავრდებულს შეწყალებაზე მოთხოვნის შეტანის უფლება მიეცა.
"პრეზიდენტის ინიციატივით, 25 წლიანმა ვადამ დაიწია 15 წლამდე და უვადო მსჯავრდებულების საკითხს, რომლებსაც 15 წელი საპატიმრო სასჯელი აქვთ მოხდილი, შეწყალების კომისია არსებითად განიხილავს ", – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მისი განცხადებით, კომისია ისედაც განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა საკითხებს და რეკომენდაციებს წარუდგენს პრეზიდენტს.
"ამ 2 წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალება თავისთავადნიშნავს გათავისუფლების განსაზღვრული ვადების დადგენას, ვადიან მსჯავრზე გადაყვანას.
ეს პროცესი გრძელდება და შეწყალების კომისიაში მუდმივად შემოდის ამა თუ იმ უვადომსჯავრდებულის საკითხი.
ბუნებრივია, უვადო მსჯავრდებულთა დანაშაულები, რის გამოც მათ მსჯავრი დაედოთ საკმაოდ მრავალმხრივია და დანაშაულების საკმაოდ ფართო სპექტრია. კომისია ცალკეული ამ დანაშაულების დეტალებსაც სწავლობს.
ხშირად ყოფილა, როდესაც ჩვენ შევხვდით უვადო მსჯავრდებულებს და ვესაუბრეთ, ამის შემდგომ გარკვეული გადაწყვეტილება გამოუტანია კომისიას და შემდგომ პრეზიდენტს", – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.