"გურია ნიუსის" ოზურგეთის ოფისში ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა დარეკა. როგორც მან ჩვენთან საუბრის დროს თქვა, მთელი დღის განმავლობაში ოზურგეთში მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი.
"ვცხოვრობ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე და მოსახლეობის სახელით გიკავშირდებით. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი კეთდება ქალაქში, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რამდენი ხნით წყდება წყალი და მოვიმარაგებთ. ძალიან ძნელია მთელი დღე უწყლოდ ყოფნა, როდესაც სახლში ბავშვები გვყავს. იმედია, თქვენ მაინც გვეტყვით, აღუდგება თუ არა წყალის მიწოდება დღეს მოსახლეობას."-გვითხრა მოქალაქემ.
"საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის" ოზურგეთის სერვის-ცენტრის განცხადებით, ქალაქ ოზურგეთის მასშტაბით წყლის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეწყდა. აბონენტებს წყლის მიწოდება ხვალ დღის 13 საათამდე აღუდგებათ.
"შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთში წყლის სისტემის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქალაქის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად შეიცვლება. გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და მიწოდების სიმძლავრე. სამუშაოები ორი თვის ვადაში დასრულდება."– განცხადებას ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახური სოციალური ქსელში ავრცელებს.