ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე.
შსს-ს საპატრულო პოლიცია როგორც ქვეყნის პერიმეტრზე მდებარე, ისე მის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე გამოიყენებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს.
არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს, მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს.