"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის სკოლის ყოფილი დირექტორი, სპარტაკ გოგიტიძე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა. განათლების სამინისტრო სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა.
"ამ ეტაპზე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ არის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მისული. შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების და მეცნიერების სამინისტრო აუცილებლად გაასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში" – გვითხრეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.
სპარტაკ გოგიტიძის გათავისუფლებას დიდი დაპირისპირება მოჰყვა და რამდენიმე დღის განმავლობაში სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
"სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მე გამამართლა. ის ბრალდებები, რომელიც ისმოდა ჩემი მისამართით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ახლა ეს ოფიციალურად დადასტურდა."– თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს სპარტაკ გოგიტიძემ.
გოგიტიძე ახლა განათლების და მეცნიერების სამინისტროს რეაგირებას ელოდება.