INDEPENDENT-ის ინფორმაციით, ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ტერაქტის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არ იქნება ბოლო ტერაქტი ევროპისთვის.
მათი თქმით, 2005 წლის 7 ივლისს ლონდონში მომხდარმა აფეთქებებმა ევროპა და ბრიტანეთი ტერორიზმის საფრთხისთვის შეამზადა, თუმცა მოსალოდნელი ტერაქტების შიში აქამდე არ გამართლდა.
პიტერ ნაუმანი, მკვლევარი, რომელიც ისლამურ ტერორიზმზე აკეთებს აქცენტს, ამბობს, რომ ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ტერაქტების რიცხვი მოსალოდნელია გაიზარდოს.
"მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ადამიანს დააპატიმრებენ უახლოეს დღეებში, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით საფრთხე ამოიწურა,"_აცხადებს ის.
მისივე თქმით, ტერორიზმის საფრთხის წინაშე არაერთი თაობა დგას.
"ეს საფრთხეა, რომლის წინაშეც არაერთი თაობა დგას. ჩვენ ებრაელების მსგავსად უნდა მოვიქცეთ და შევეგუოთ ტერორიზმის საფრთხეს "_ამბობს ნაუმანი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროპის პრესის პირველ გვერდებზე ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ფიქსირდება მოსაზრება, რომ სამშაბათს მომხდარი ტერაქტი მოსალოდნელი თავდასხმების ქრონოლოგიის ნაწილია.
ტერაქტების ექსპერტების თქმით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლებელია ახსნას, ევროპაში ბოლო თვეებში ტერორიზმის საფრთხე სწრაფად რატომ იზრდება.
"ისლამურის სახელმწიფო" უცბად გაიზარდა და ევროპის უსაფრთხოების სამსახურების ნელი რეაგირების გამო, ათასობით რადიკალი სირიასა და ერაყში გაემგზავრა. ბევრი მათგანი რეგისტრაციის არ ქონის ან სასჯელის მისჯის გამო უკან დაბრუნდა.
მათივე თქმით, ევროპის ნელი რეაგირება იმით აიხსნება, რომ კონტინენტზე შენგენის ხელშეკრულების თანახმად თავისუფლად გადაადგილებაა დაშვებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპას "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების სია არ აქვს.
"ჩვენ არ ვეთანხმებით იმ ადამიანების სახელების თარგმნას, რომლებსაც არაბული სახელები აქვთ, ასე რომ თუ ვინმე მოდის ევროპაში დანიიდან ან ესტონეთიდან, შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული ისე, როგორც ჩვენ მათ საფრანგეთში ან ესპანეთში ვარეგისტრირებთ,"_განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა დაზვერვის უფროსმა.
გარდა ამისა, კონტრრადიკალიზაციის პროგრამების სტანდარტები ევროპაში მკვეთრად განსხვავებულია.
ტერორიზმის ექსპერტების თქმით, ასეთმა სირთულეებმა ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს" მიზნის მიღწევა გაუადვილა და ევროპაში დაძაბულობა შექმნა.
სწორედ ამიტომ ექსპერტები მოუწოდებენ ევროპელებს, ებრძოლონ რადიკალურ ექსტრემიზმს, მაგრამ ასევე აღიარებენ, რომ თავდასხმები არ შეჩერდება.