ქალაქ ოზურგეთის წმ. გიორგის ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაპირებების ასრულებას თხოვენ.
"ხუთი წელია გვპირდებიან გზის დაგებას. ეს დაპირებები დაიწყო ძველი ხელისუფლების დროს და გრძელდება ახალაც. სასწრაფო დახმარების მანქანა ძნელად მოდის და ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს პრობლემა. ჩვენც ქალაქის მცხოვრებლები ვართ და აუცილებლად მოვითხოვთ დანაპირებების შესრულებას. სამუშაოების დაწყების დროს ხალხიც დასაქმდება და ჩვენს კმაყოფილები დავრჩებით." – გვითხრა სვეტლანა აფაქიძემ.
"მთავრობა უნდა მოვიდეს და გვკითხოს, რა არის გადასაკეთებელი. მითხარით არ ვამბობ მართალს?! ეს ხალხი გვყავს დაქირავებული, ავირჩიეთ და ახლა უნდა მოგვხედონ." – თქვა ლია ონიანმა.
"საკაცით ჩამოვიყვანეთ ორსული ქალი, ვერ ავიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ეს არის საქმე?" – გვითხრა ომარ სალუქვაძემ.
"ორი ტაძარია ამ ქუჩაზე, ბევრი ხალხი დადის. რომ გვპირდებიან, რატომ არ ასრულებენ ამ დაპირებებს?" – ამბობენ ჩვენთან საუბრის დროს წმ.გიორგის ქუჩის მცხოვრებლები.
"ყველა გაზაფხულზე გვპირებიან, თქვენი გზა დაიგებაო. კაცი აკეთებდა მისი სახსრებით და უარი უთხრეს. მერაბ კონტრიძე აპირებდა გზის გაკეთებას. ამ ადამიანმა ტაძარი ააგო ექადიაზე, წმ. გიორგის ქუჩაზე და გზის გაკეთებასაც აპირებდა. რატომ უთხრეს უარი, ესეც არ ვიცით. "– თქვა ჩვენთან საუბრის დროს სოზარ გულბიანმა.
"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.