საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" სტადიონის ყოფილ დირექტორს, მურთაზ აბაშიძეს ქალაქ ოზურგეთის მერიამ თანამდებობაზე დაბრუნება შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია "გურია ნიუსს" თავად მურთაზ აბაშიძემ მიაწოდა.
"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მერიამ გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე მომმართა წინადადებით, დამეკავებინა ამავე ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობა. მაგრამ გადამოწმების შემდეგ დავადგინე, წინადადების მოცემამდე რამდენიმე დღით ადრე მერიამ შეცვალა ა(ა)იპ წესდება და მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობას უწოდა "გენერალური დირექტორი," ხოლო თანამდებობას, რომელსაც მერი მე მთავაზობდა, ერქვა "დირექტორი", მაგრამ სრულიად გაურკვეველი იყო როგორც მისი ფუნქცია, ისე დანიშნულება, რადგანაც ასეთი შტატი არ არსებობდა.
ჩემთვის გასაგებია, რომ ოზურგეთის მერს არა აქვს სურვილი დამნიშნოს სტადიონის დირექტორად, მაგრამ მინდა განსჯისათვის ზოგადად დავსვა შეკითხვა – შეიძლება თუ არა აისრულოს ეს სურვილი მერმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირების გზით? და კიდევ – ვრცელდება თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სავალდებულოობა ოზურგეთის მერზე? და საერთოდ ეგებ გამარკვიოს ვინმემ ჩვენთან, ოზურგეთში მოქმედებს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები." – ამბობს მურთაზ აბაშიძე.
ქალაქ ოზურგეთის მერიასა და მურთაზ აბაშიძეს შორის უკვე რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.02.2016 წლის გადაწყვეტილებით ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ოზურგეთის მერია ვალდებულია აღმადგინოს ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალური სტადიონის დირექტორად. ასევე მერია ვალდებულია გადამიხადოს სახელფასო განაცდური ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით.
სასამართლოში საქმის განხილვისას, იმის გამო, რომ სამსახურში ჩემი აღდგენა შეეფერხებინა მერიამ მოახდინა ა.(ა).ი.პ რეორგანიზაცია და შერწყმა, რის შემდეგადაც ორი ა(ა)იპ გაერთიანდა.
ვინაიდან უარი ვთქვი მერის შემოთავაზებაზე, ოზურგეთის მერიამ გამოსავალის ძიება გააგრძელა უზენაესი სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვით, რომლითაც მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება იმ მოტივით, რომ დასაკავებელი თანამდებობა არ არსებობდა, ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა.
28.03.2016 წელს უზენაესმა სასმართლომ განიხილა ქალაქ ოზურგეთის მერიის შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებასა და ამავე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების და წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ორივე მოთხოვნაზე უზენაესმა სასამართლომ ოზურგეთის მერიას უარი უთხრა." – თქვა აბაშიძემ.
"გურია ნიუსი" ქალაქ ოზურგეთის მერიის პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.