ჯვაროსნების აღმოსავლეთში ჩასვლამდე, ევროპა, შეიძლება ითქვას, ყარდა – სწორედ ჯვაროსნებმა შეიტანეს ვარდის წყალი ევროპაში. ევროპას დიდი დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, თვითონ როგორ დაემზადებინა ვარდის წყალი.
ამასობაში, უნგრეთში, სურნელოვანი ზეთის სპირტში გახსნით, პირველი სუნამო მიიღეს – თანამედროვე სუნამოსთან საკმაოდ მიახლოებული. პარფიუმის ისტორიაში ის "უნგრული წყლის" სახელწოდებით შევიდა.
საფრანგეთში "უნგრული წყალი" ეკატერინე მედიჩიმ შეიტანა და მეჩვიდმეტე საუკუნეში მთელი საფრანგეთი სერიოზულად "შეჯდა" "უნგრულ წყალზე", რომლის დამზადება ადგილობრივადაც დაიწყეს.
ფრანგი არისტოკრატები ტყავის ხელთათმანებსაც კი ამ წყლით ასველებდნენ. ლუდოვიკო მეთხუთმეტის კარს "ყველაზე არომატული სამეფო კარი" შეარქვეს. აქ სუნამოთი იყო გაჟღენთილი ყველაფერი – ტანსაცმელი და ავეჯიც კი – ასე ცდილობდნენ ჩაეხშოთ ის სიმყრალე, რომელიც ქალაქში კანალიზაციის უქონლობით იყო გამოწვეული.
ასევე მოხდა ინგლისშიც, სადაც დედოფალმა ელისაბედ პირველმა ვერ გაუძლო უსიამოვნო სუნს და თავშეყრის ადგილებში "უნგრული წყლის" დასხმა ბრძანა.
მეთვრამეტე საუკუნეში უკვე გაჩნდა პირველი მანუფაქტურები, სადაც ოდეკოლონის ჩასასხმელ ფლაკონებს ამზადებდნენ. 1903 წელს კი გასაყიდად გამოიტანეს პირველი სუნამო.