ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე 1928 წლის 29 მარტს დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის I საშუალო სკოლა. 1953 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი.
29 მარტს მას 88 წელი შეუსრულდებოდა. საცხოვრებელი სახლი ოზურგეთში, სადაც აკაკი ბაქრაძე გაიზარდა და ხშირად ჩამოდიოდა, მიტოვებულია. მის საპატივცემულოდ ოზურგეთში არსებობს აკაკი ბაქრაძის ქუჩა, მაგრამ მის საცხოვრებელ სახლზე აბრა არ არის.
"მე ოზურგეთელების სიძე ვარ. ერთხელ მყავს ბატონი აკაკი შორიდან ნანახი, მეზობლებს ესაუბრებოდა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მინდა ბევრი იყოს მისნაირი მცოდნე, განათლებული და კარგი მამულიშვილი," – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ქრისტო საბანაძემ.
"ჩვენ როგორც ვიცით, ეს სახლი აკაკის დებს ეკუთვნით. ორი წელია ამ სახლში არავინ მოსულა. თქვენ პირველი ხართ, ვინც დაინტერესდით სად ცხოვრობდა აკაკი ბაქრაძე. სახლის შემოსასვლელი ჭიშკარი დაკეტილია. როგორც ვიცი, სახლი რამდენჯერმე გაიქურდა. ასეთ ფაქტს ჰქონდა სამწუხაროდ ადგილი წინა წლებში"- გვითხრეს აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა.
დანგრეულია ის შენობა, სადაც აკაკი ბაქრაძე სწავლობდა. ეს ფაქტი 2008 წელს მოხდა. ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ აპრილის თვეში დაგეგმილია აკაკი ბაქრაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული კონფერენცია, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის, აკაკი ბაქრაძე 1955-1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964-1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად.
1973-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968-1988), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989-1991 წწ.). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი ([1989-1991 წწ.).
1991-1996 წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.
აკაკი ბაქრაძე გარდაიცვალა 1999 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.