დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმიდან 25 წელი შესრულდა. ამ რეფერენდუმის ისტორიულ მნიშვნელობაზე ქართულ საზოგადოებაში დღემდე არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი. პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი დავით ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოსათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი დღე.
"დღეს არის დღე, როდესაც ყველა ქართველმა ხაზგასმით უნდა მიაგოს პატივი ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, რადგან 1991 წლის 31 მარტს ამ პიროვნების თაოსნობით სრულიად საქართველო გაერთიანდა ერთადერთი იდეის – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის – გარშემო. რამდენადაც ცინიკური არ უნდა იყოს ამ დღიდან სულ რამდენიმე თვეში სწორედ საქართველოს მოსახლეობის დაყოფისა და დაპირისპირების ბრალდებით ზვიად გამსახურდიას და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ხელისუფლებას დაამხობენ და პრეზიდენტს მალევე მოკლავენ… მაგრამ ვერ დაამხობენ და ვერ დაამარცხებენ იდეას, რადგან 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი დარჩება სამუდამოდ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული ურღვევობის საფუძველი.
რა ოკუპაცია და ეთნიკური წმენდაც არ უნდა განახორციელოს მტერმა საქართველო იქნება ურღვევი, სანამ ყველა ქართველი არ დაბრუნდება საკუთარ სახლში და მერე ისევე საყოველთაოდ არ განაცხადებს, რომ აღარ უნდა ამ ქვეყნის შემადგენლობაში ყოფნა.
რამდენი რეფერენდუმიც არ უნდა ჩატარდეს დაპყრობილ ტერიტორიებზე, რამდენი აღიარებაც არ უნდა მოიპოვოს მტერმა არათავისუფალი სახელმწიფოების მხრიდან, ყოველი ასეთი მცდელობა იქნება არამართალი, არასწორი და უსაფუძვლო, ამით მხოლოდ დადასტურდება რომ 1991 წლის 31 მარტის შემდეგ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, რომ ქართული მოსახლეობა აყარეს და გააძევეს.
და როგორც რუსეთის ორგანიზებული რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართლებრივად ადასტურებენ სწორედ საპირისპიროს, ასევე 1991 წლის 31 მარტი ყოველთვის დაადასტურებს, რომ შედეგი ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა იყო არა საქართველოს მოსახლეობის დაყოფა-დაპირისპირება, არამედ პირიქით, გაერთიანება (განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, აღმსარებლობისა…) ერთი იდეის – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარშემო! – წერს დავით ჩხეიძე.