2016 წლის იანვარში, ოზურგეთელებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ოზურგეთში ექადიის უბანში საქონლის ხორცში ტყვიის დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა, რომელიც ქალაქ ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის მიზანშეწონილობაზე მიმდინარეობდა საუბარი.
ინფორმაციისთვის, ქალაქ ოზურგეთში და სოფელ ლიხაურის – ექადიის, ბასრისა და კვაჭალათის უბანში მცხოვრებლები თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილ მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების წინააღმდეგნი არიან.
ოზურგეთის ექსპერიმენტული მანქანათმშენებელი ქარხანა, რომელიც ქალაქ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩის #20-ში მდებარეობდა 30150 კვ/მ ფართის მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, გაიყიდა.
როგორც მოსახლეობის ერთი ნაწილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქარხნიდან გაურკვეველი წარმოშობის სუნი აწუხებთ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბავშვებსა და მოხუცებში სხვადასხვა დაავადებები გახშირდა.
მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ხშირად ყოფილა შემთხვევა მსხვილფეხა პირუტყვი ყოფნის და გამორიცხული არაფერია.
"ვერაფერს გეტყვით ვისი პირუტყვის ხორცში აღმოჩნდა ტყვიის შემცველობა, ეს ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებისგან გავიგეთ და მეტი არაფერი არ ვიცით. რატომ არაფერი არ ვიცოდით, ვერც მაგაზე გიპასუხებთ. ხალხი უნდა იყოს ინფორმირებული და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გვქონოდა ინფორმაცია", _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა.
გარემოს დამცველი, ომარ ბაკურაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის ირინე ლომინაძისგან გაიგო.
"როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე აქტიურად ვარ ჩართული იმ საკითხებში, რომელიც მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს ეხება. თითოეული ოზურგეთელი უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და ყველა კითხვაზე უნდა გვქონდეს პასუხი. ყველანი უნდა ვიყოთ ინფორმირებული, როდესაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება", _ გვითხრა ომარ ბაკურაძემ.
ირინე ლომინაძემ შეხვედრაზე განმარტა, თუ რა სამუშაოები ჩაატარა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.
მისი თქმით, ტყვიის დნობის პროცესს ვერ შეესწრო, მაგრამ ადგილზე აღმოჩენილი მდგომარეობა მრავალ კითხვას ბადებს:
"კერძოდ, პლასტმასის დნობის პროცესში აღმოჩენილია მრავალი დარღვევა, რაც გარემოზე აისახება", _ თქვა ლომინაძემ.
ლომინაძემ ისიც აღნიშნა, რომ "სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექადიის ტერიტორიაზე დაკლული ოთხი სხვადასხვა საქონლის ხორცის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების დროს, ხორცში ტყვიის ჭარბი რაოდენობაა აღმოჩენილი და არ არის გამორიცხული, ტყვია რძის პროდუქტებშიც აღმოჩნდეს, რაც, თავისთავად, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის".
შპს "ჯეო გადამამუშავებელი" საწარმოს წარმომადგენლის სალომე ქათამაძის თქმით, საწარმოში ამ ეტაპზე ტყვიის გადამამუშავებელი არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს და არც არავის აქვს იმის მტკიცებულება, საწარმო ამ საქმესთან რამე კავშირში იყოს.
"ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და ამას აუცილებლად უნდა მტკიცებულება. როგორ შეიძლება ყველაფერი საწარმოს ბრალდებოდეს", _ გვითხრა სალომე ქათამაძემ.
"გურია ნიუსმა" სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა და დაინტერესდა ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი ექადიაზე.
სააგენტოდან გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ქალაქ ოზურგეთის უბან ექადიაში მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის ნიმუშში ტყვიის დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცვლელობა ნამდვილად აღმოჩნდა.
"სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელებული მიკვლევადობით დადგინდა, რომ ქალაქ ოზურგეთის უბან ექადიაში მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის ნიმუშში აღმოჩნდა ტყვიის დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცვლელობა.
აღნიშნული ინფორმაცია წერილობით ეცნობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული სოფლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მეტალებით დაბინძურების პოტენციური წყაროებისა და გარემოს დაბინძურების საზღვრების კომპეტენციის ფარგლებში შესწავლის მიზნით.
დღეისათვის სააგენტოში არსებული ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევას და შესაძლო დაბინძურების წყაროების დადგენას”, _ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
"ტყვია რადიაციული დაბინძურების შემდეგ ნომერ პირველი დამაბინძურებელი მავნე ელემენტად ითვლება. მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში მუშაობს მსგავსი ქარხანა და ჩერნობილის დონეზე ფიქსირდება. აზიანებს ჰაერს, ნიადაგს, ადამიანის ჯანმრთელობას და ყველაფერს, რაც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ეს, რომ მოხდეს ოზურგეთში რამდენიმე წლის შემდეგ დაავამდყოფებულ ქალაქად გადაიქცევა.
ამასთანავე, დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, ნარჩენების მართვის კოდექსი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები და დებულებები.
""ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, "ნარჩენების მართვა უნდა გახორციელდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხის შექმნის გარეშე. კერძოდ, ისე, რომ: საფრთხე არ შეექმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას; არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით.
ამასთანავე "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქეს აქვს უფლება "სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა".
ისეთ მცირემიწიან და დასახლებულ რეგიონში, როგორიც გურიაა, ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნისას, ირღვევა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, ნარჩენების მართვის კოდექსის, სხვა კანონების ძირითადი პუნქტები და პრინციპები", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ნანული ორაგველიძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული ამბობს, რომ გურიის რეგიონში სულ 3 სასაკლაოა, აქედან 2 სასაკლაო ოზურგეთში, ხოლო ერთი ჩოხატაურის რაიონში მდებარეობს.
"თითოეულ სასაკლაოზე დასაქმებულია 3 ექიმი ვეტერინარი, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არიან. მათ ევალებათ ვეტერინარული ფორმა N2 -ის გაცემა, რომლის გაცემამდეც შინაური ცხოველი გაივლის რამოდენიმე სახის შემოწმებას, დაკვლამდე და შემდგომ რეალიზაციამდე.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ გურიაში ხორცი ვეტერინარული ფორმა N 2 ის გარეშე არ იყიდება, ეს მოწმობა ხორცის რეალიზაციას და მომხმარებლამდე მიწოდებას მეტად უსაფრთხოს ხდის, ვინაიდან იქ მოცემულია ხორცის ხარისხი, ვადა და ვარგისიანობა.
ე.წ ჰასპის სისტემით (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა); არსებობს 4 საკონტროლო წერტილი:1 დაკვლის წინ შეფასება, 2. თავის შემოწმება, 3. თან ხორცის შემოწმება და 4. საბოლოო ეტიკეტირება.
ასევე ლაბორატორიულად მოწმდება ხორცი სხვადასხვა დაავადებებზე. , მაგალითად: ჯილეხზე, ტრიხინელოზზე.
ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტო იღებს ნიმუშების ახალ, გაყინულ ხორცსა და ხორც-პროდუქტებზე. ჩემი მუშაობის დროს რამე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებული, იყო შენახვის პირობების დაუცველობა, რომელიც ჩვენი რეკომენდაციების შემდეგ გამოსწორდა", _ გვითხრა ნინო შეწირულმა.
რა ზომებს მიიღებს სურსათისა და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოები, თუ ექადიის უბანში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევის შედეგად დაბინძურების წყაროებს აღმოაჩენს, ჯერჯერობით უცნობია. „გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.