კარლოს სლიმ ელუ პირველი ადამიანია, რომელმაც შეავიწროვა ორი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიო ბიზნესის სათავეში მდგარი ამერიკელი მილიარდერები. მერამდენე წელია, ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის მწვერვალზეა. პირველად ამ სიაში 2002 წელს, 11-მილიარდიანი ქონებით მოხვდა.
კარლოსმა თავისი უზარმაზარი ქონების პირველი მილიონი 17 წლის ასაკში იშოვა. ბიზნესის კეთების პარალელურად, იგი მექსიკის ნაციონალურ ავტონომიურ უნივერსიტეტში ისეთი წარმატებით სწავლობდა, რომ პედაგოგებმა უფლება მისცეს, თანაკურსელებისთვის ლექციები წაეკითხა წრფივი პროგრამირებისა და ალგებრის საფუძვლებში. დიპლომი 1961 წელს აიღო, მაგრამ, სპეციალობით მუშაობა არ აინტერესებდა. საწყისი კაპიტალი მან ჩადო სადაზღვევო ბიზნესის, უძრავი ქონებისა და ვაჭრობის ინვესტიციებში. ყიდულობდა სასტუმროებს, შეიძინა Sanboms-ის მაღაზიების ქსელი და საფუძველი ჩაუყარა თავისი ბიზნესის სისტემურ კაპიტალიზაციას.
ბიზნესის მართვის მისი მთავარი პრინციპები იყო: მასობრივი მოთხოვნის საქონელი ხელმისაწვდომი ყოფილიყო დაბალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის; საშუალებების ბრუნვის კარლ მარქსისეული ვერსია: იყიდე იაფად – განაახლე – გაყიდე ძვირად, ან, შეუერთე საკუთარ იმპერიას.
1982 წელს, როდესაც მექსიკისთვის დეფოლტისა და ფართომასშტაბიანი კრიზისის პერიოდი დადგა, ქვეყანამ ვერ შეძლო საგარეო ვალების გადახდა, მსხვილმა საქმოსნებმა იაფად გაყიდეს თავიანთი აქტივები, კარლოსმა კი თავისი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა: დააფუძნა საინვესტიციო ჰოლდინგი Gorpo Group, შექმნა კორპორაცია Frisko, რომელიც სწრაფად გახდა ლიდერი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საქმეში (რკინის მადანი და ქვანახშირი). ნაციონალური ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მრავალი კომპანიის მფლობელი კარლოსი მეგობრობდა თავის სეხნია კარლოს სალინას დე გორტარისთან, მაშინდელ (1988-1994 წლები) მექსიკის პრეზიდენტთან. სწორედ პოლიტიკური მფარველობის წყალობით შეძლო მან საკომუნიკაციო კომპანიის Telmex-ის პრივატიზება, რომელიც მონოპოლისტი იყო მოცემულ საბაზრო სეგმენტში. კარლოსმა თავის იმპერიას მიუერთა Condomex (სატელეკომუნიკაციო დანადგარები); და Prodioy (პირველი ნაციონალური პროვაიდერი და ვებ-პიონერი). ათასწლეულის მიჯნაზე კარლოს სლიმ ელუმ 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ამერიკის შეერთებული შტატების ფირმებში, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების ექსპლუატაციით არიან დაკავებულნი, გარკვეული დროის შემდეგ კი მთელი ლათინური ამერიკის ტელეკომუნიკაციების სრულუფლებიანი მფლობელი გახდა და მას „მექსიკელი ბილ გეიტსი” შეარქვეს. კარლოსის კომპანიებში 200 ათასი ადამიანი მუშაობს. აქვს მრავალი წოდება და ჯილდო და ცნობილი ქველმოქმედია.