ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები მანანა ბოლქვაძე "გურია ნიუსს" დახმარებისთვის მიმართავს. მისი თქმით, ის მუშაობდა ჩოხატაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბუღალტრად, საიდანაც ერთი თვეა, დაითხოვეს და ამბობს, რომ კუთვნილი ხელფასი არ მისცეს. აღნიშნულ საქმეში, ბოლქვაძის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე დავით შარაშიძე ურევია, რომელსაც უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს.
"2015 წლის 15 სექტემბრიდან ვმუშაობდი ი/მ ზინა აბუსერიძის სახელზე რეგისტრირებულ სუპერმარკეტში ბუღალტრად, რომლის ფაქტობრივი მფლობელი გახლავთ საჯარო მოხელე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალური კომისიის თავმჯდომარე დავით შარაშიძე. თავდაპირველად ჩემსა და ამ პიროვნებას შორის შედგა საქმიანი შეხვედრა, სადაც დაისახა, თუ რა პირობებით უნდა წარმართულიყო ჩვენი ურთიერთობა, სუპერმარკეტში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პირობების გამოსასწორებლად _
უნდა მომეგვარებინა შემოსული საქონლის აღრიცხვა, დაწერა სექციებისთვის და მასთან დაკავშირებული ანგარიშგება, რისთვისაც ბატონი დავითი გადამიხდიდა ხელზე თანხას _ 500 ლარს. თუ დავუდგენდი, რა ხდებოდა მენეჯერ ზინა აბუსერიძესა და დისტრიბუტორებს, ასევე, მენეჯერსა და სექციონერებს შორის და თუ, მარკეტს გავიყვანდი მოგებაზე, მაშინ 500 ლარიდან 700-800 და 1 000 ლარზე ამიყვანდა ხელფასს", _ ამბობს მანანა ბოლქვაძე.
ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მან ამ შეთანხმების პირველი ნაწილი უმაღლეს დონეზე შეასრულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნოემბრის შემდეგ, დავით შარაშიძე, მისი თქმით, სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა:
"მარტო მენეჯერის _ ზინას მეშვეობით ვახერხებდი კომუნიკაციას. 2 თებერვალს, მენეჯერს ვთხოვე იანვრის ხელფასიდან დარჩენილი 40 ლარი და თებერვლის ხელფასი _ 500 ლარი გადაეხადა, რაზეც ზინამ მიპასუხა, რომ ამ თვეში გვიჭირს, ამიტომ თანხას ვერ გავცემთო. მე ვუთხარი, რომ ეს ჩემზე არ გავრცელდებოდა, რადგან უპირობოდ უნდა მოეცა ჩემთვის ხელფასი.
ბატონი დავითი მატყუებდა, რომ შემხვდებოდა. როცა დამელაპარაკებოდა, უწმაწური სიტყვებით მისტუმრებდა. შემდეგ გამომიგზავნა ხელშეკრულება, რომლის ვადა 15 მარტს იწურებოდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენიმეჯერ ჩამიყვანა ჩოხატაურში, მაგრამ შეხვედრა მაინც ვერ შედგა. მე ვითხოვდი დარჩენილ ხელფასს _ 750 ლარს, რომლის აღების სრული უფლება მქონდა. მან ხელშეკრულება დამირღვია, თუ არ მეკუთვნოდა, რატომ მამუშავა?
როგორც იქნა, მარტის ბოლოს შედგა შეხვედრა შარაშიძის თანამშრომელსა და ვაჟთან. თანამშრომელმა მითხრა, თანხა დათომ კი არა, მენეჯერმა უნდა მოგცესო. ეს უკვე იმის აღიარება იყო, რომ ხელფასი მეკუთვნოდა. ამ დროს მესმოდა ტელეფონში ბატონი დავითის ყვირილი _ სასწრაფოდ დატოვოს ჩემი მაღაზიაო. სამჯერ დამემუქრნენ პატრულით, ბოლოს გამოიძახეს კიდეც პოლიცია, მეც თავაზიანად გავყევი მათ. პოლიციელებმა განმიმარტეს, რომ ვიმყოფებოდი სხვის ტერიტორიაზე, მეპატრონეს არ სიამოვნებდა ჩემი იქ ყოფნა და მათ უფლება ჰქონდათ, გამოვეძევებინე იქიდან", _ ამბობს მანანა ბოლქვაძე.
როგორც ბოლქვაძე მიიჩნევს, ის არის ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი:
"ეს არის ჩემი შეურაცხყოფა, ძალადობა და ტრეფიკინგი. მთელი ზამთრის განმავლობაში კეთილსინდისიერად ვემსახურე შარაშიძეს. მარტო ამ წერილით არ შემოვიფარგლები, არსებობს სიმართლისა და ღირსების აღდგენის ცივილური გზები. პატიებას არ ვაპირებ _ მივმართავ სასამართლოს.
"გურია ნიუსის" მეშვეობით მინდა გაიგოს მთელმა საქართველომ, თუ როგორი საჯარო მოხეელები ჰყავს ქვეყანას, ვისთან აქვთ საქმე უბრალო მოქალაქეებს და ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი".
"გურია ნიუსი" დავით შარაშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მისი ბიზნესსაქმიანობა უარყო:
დავით შარაშიძე: _ ეს ქალბატონი ჩემთან არ მუშაობდა, ინდმეწარმესთან მუშაობდა, ის ბევრ რამეს გეტყვით. მან უნდა მიმართოს სასამართლოს და იქ გაარკვიონ ურთიერთობა. რა უნდა ჩემთან?!
_ბატონო დავით, აღნიშნული პიროვნება ხელს გადებთ თანხის გამოძალვაში, გადანაშაულებთ ტრეფიკინგში…
_ რა ტრეფიკინგი, რას ლაპარაკობთ?! მიბრძანდით და ზინა აბუსერიძეს ჰკითხეთ!
_ იცნობთ თუ არა ამ ქალბატონს და გაქვთ თუ არა მისთვის ხელფასი მისაცემი?
_ რა მისაცემი… რომ ვიცნობდე, მაშინ არ მოვიყვანდი. რა გნებავთ თქვენ _ გამომძიებელი ხართ? მიმართოს სასამართლოს, _ გვითხრა შარაშიძემ.
ინდმეწარმე ზინა აბუსერიძე ამბობს, რომ ის მანანა ბოლქვაძეს იცნობს: "მას ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული და მუშაობდა ჩვენთან. ვერ შეგვისრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რის გამო დავითხოვეთ სამსახურიდან. მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს", _ ამბობს ინდმეწარმე ზინა აბუსერიძე.