სოციალური მედიის მენეჯერმა ბექა მჭედლიშვილმა დახურული ჯგუფი შექმნა, სადაც ონლაინ სესხებით დაზარალებული მოქალაქეები გაერთიანდნენ. ამ ჯგუფში ხშირად იპოსტება რჩევები, როგორ უნდა მოიქცეს დაზარალებული მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევაში. დღეს ჯგუფში გაჩნდა ინფორმაცია, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების შესაძლო გაუქმების შესახებ.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ბექა მჭედლიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, მაგრამ წყაროს დასახელებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, მთავრობა აპირებს ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობა მკაცრ რეგულაციებში მოაქციოს.
"როგორც ჩვენთვის სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციდან გახდა ცნობილი,საქართველოს მთავრობაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რეგულაციებში მოქცევის შესახებ და ის უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. ამასთან, რეგულაციებს ვერ გაუძლებს ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების უმეტესობა და მათ მოუწევთ მათი საქმიანობის შეჩერება საქართველოში. როგორც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რეგულაციების დაწესების შემდეგ საქართველოში იფუნქციონირებს მხოლოდ 4 ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია და ისიც შეზღუდული პირობებით.ესენი ის ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები არიან, რომლებიც საქართველოს გარდა კიდევ არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებენ. მათ აღარ ექნებათ უფლება დააწესონ ჯარიმები და პროცენტები მხოლოდ მათი სურვილის გათვალისწინებით.ამასთან, აღნიშნული შ.პ.ს-ების მფლობელებს მოუწევთ მკაცრად გააკონტროლონ თუ როგორ მიუდგებიან მათი თანამშრომლები მსესხებლებს, იგივე მოუწევთ ე.წ პრობლემური სესხების ამომღებ კომპანიებსაც.ამასთანავე ჩვენთვის ცნობილია რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მფლობელები ცდილობენ მთავრობას და კერძოდ ბიზნეს ომბუცმენ გიორგი გახარიას შესთავაზონ საკუთარი კანონპროექტი თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ონლაინ სესხების მუშაობა,თუმცა მისგან უარს იღებენ , ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,მთავრობაში ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს."-აღნიშნავს მჭედლიშვილი.