8 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში, პროექტის _ "ნატანები -1 და ნატანები-3 ჰესის მშენებლობის და ექსპლოატაციის" პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საპროექტო სამსხურის და სოფელ ვაკიჯვრის, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შპს "გამაკოლსანტინის" წარმომადგენელმა გიორგი მჟავიამ დამსწრეებს ესაუბრა და სლაიდების მეშვეობით აჩვენა, თუ როგორ იგეგმება ჰესების მშენებლობა:
_ არც ერთ ობიექტზე არ იგეგმება წყალსაცავის მოწყობა. მოხდება მდინარის პატარა შეგუბება, რითაც მცირე ტერასები დაიტბორება. წყალმიმღები ნაგებობები გათვლილია 500-წლიანი წყალმიმღებობისთვის, _ თქვა მჟავიამ და დეტალურად ისაუბრა ნაგებობის სტრუქტურაზე. ასევე, ჩამოთვალა გარემოზე ზემოქმედების სახეები: ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუარესება, ხმაური, წყლის გარემოზე ვიზუალურ-ლანდშაფტური ცვლილება და თითოეულზე ახსნა-განმარტებით ისაუბრა. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ფირცხალაიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ კითხვების შესახებ, რომელიც პროექტის განხილვისას დაგროვდა. ეს შეეხება გეოლოგიურ გარემოს, ჰიდროლოგიას, მიწის სამუშაოებს, კონსტრუქციების მშენებლობას და სხვა. მშენებლობის მწარმოებელმა კომპანიებმა გარემოს დამცველებს, კითხვებზე პასუხის სახით, დამუშავებული დოკუმენტი უნდა დაუბრუნონ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდინარე ნატანებზე ჰესებს აშენებს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია", საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორადუმის საფუძველზე, რომელიც 2015 წელს შედგა. მშენებლობის ვადა წელიწადსა და რვა თვეს, მაქსიმუმ, ორ წელსა და ორ თვეს მოიცავს.