ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი მურთაზ აბაშიძის განცხადებას ეხმაურება:
მურთაზ აბაშიძე ცრუობს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ამ შინაარსს შეტყობინებას აბაშიძე ვერ მიიღებდა. მსგავსი სატელეფონო ზარი ქალაქის მერიის მხრიდან არ განხორციელებულა.
უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან, ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მურთაზ აბაშიძეს არაერთხელ შესთავაზა იგივე ანაზღაურებით, რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანებულ ა.(ა).ი.პ. – ში სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის დირექტორის თანამდებობაც. ყველა ამ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, მაშინ როდესაც მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული თანამდებობა და გადაწყვეტილების აღსრულების სხვა გზა ფაქტობრივად არ არსებობს.
ბატონი მურთაზი ამ თემით სპეკულირებს და ცდილობს საზოგადოებაში ჩაგრულის იმიჯი დაიმკვიდროს. ავრცელებს სიცრუეს და სიცრუის აფიშირებით ცდილობს ქალაქ ოზურგეთში მერისა და მერიის მიერ განხორციელებულ წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე საზოგადოებაში გაჩენილი კეთილგანწყობის შეცვლას. მისი ქმედებები ძალიან ჰგავს გაბოროტებული ადამიანის პირად შურისძიებას ან შურისმაძიებელთა ხელში იარაღად გამოყენებული პირის ქმედებებს, რომლის მიზანს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის დისკრედიტაცია და მისი კანონიერი საქმიანობისათვის ხელის შეშლა წარმოადგენს.
დღეის მდგომარეობით ბატონი მურთაზი არ არის დაინტერესებული დარღვეული უფლების აღდგენით. იგი არამართლზომიერად იყენებს თავის უფლებას, შეგნებულად გაჰყავს დრო, რათა თავისი ქმედებით ზიანი მიაყენოს ქალაქის მერს და მთლიანად მუნიციპალიტეტს. ამის დასტურად საზოგადოებას მინდა ვაცნობო შემდეგი: ბატონი მურთაზის მოთხოვნით 2016 წლის 22 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი მურთაზი არ თანხმდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ არცერთ თანამდებობას და ამ დრომდე არც სააღსრულებო ფურცელი წარუდგენია აღსრულების ბიუროში.
ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთოს დიალოგში და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქალაქ ოზურგეთში ფეხბურთის განვითარებას, იგი ადგილობრივ პრესაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების მოტყუებით და ამის საფუძველზე მის მიერვე მოტყუებული საზოგადოების თანაგრძნობის მოპოვებით არის დაკავებული.
მივმართავ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ და შეისწავლონ არის თუ არა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ქმედებებში დისკრიმინაციის ან დევნის ფაქტები.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ცალსახად ადასტურებს მზადყოფნას, დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ყველა შეთავაზება ძალაშია და ბატონი მურთაზ აბაშიძეს თანხმობის წარდგენის დღიდან შეუძლია დაიკავოს შეთავაზებული თანამდებობა.
რაც შეეხება დაანონსებულ აქციას ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ აქციის არსი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ პროტესტის გამოხატვაა. გაუგებარია ამ შემთხვევაში რა საფუძვლი უნდა ქონდეს დაანონსებულ აქციას, ზემოაღნიშნული თვალსაზრისით აბსოლიტურად უშინაარსოა, თუმცა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ნებისმიერ პირს შეუძლია დაანონსებული აქციის მსგავსად უშინაარსო ფორმით ამ უფლების რეალიზება.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე