გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და პროსტიტუციის საკითხებში მო დე მოერ-ბუკიკიოს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ბავშვთა უფლებების დასაცავად სერიოზული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გამოყო და ჟურნალისტებს თავისი ვიზიტის შუალედური ანგარიში წარუდგინა.
მო დე მოერ-ბუკიკიოს შულედურ ანგარიშში მოხვდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემები, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების საკითხი, ბავშვთა თავშესაფრებისა და ეკლესიას დაქვემდებარებული პანსიონების პრობლემები.
როგორც გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის წინასწარი შედეგებიდან იკვეთება, რომ სახელმწიფოს მონიტორინგისა და პრევენციის პრობლემებებიც აქვს.
"7-დღიანი ვიზიტის განმავლობაში ცხადად დავინახე საქართველო რამდენად ბევრს აკეთებს, რომ ბავშვთა უფლებები მეტად იყოს დაცული. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბავშვთა უფლებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც ნიშნავს ფოსტერული მოვლის შემოღებას და ასევე მცირე საოჯახო ტიპის სახლების გახსნას, რომლებმაც სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა ჩაანაცვლოს. მაგრამ ამავე მიმართულებით წარმოიშვა რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება. განასაკუთრებით ეს კითხვები მდგომარეობს იმაში, რომ ის მონიტორინგის მექანიზმები, რომელიც აქვს სახელმწიფოს, ვერ გავრცელდება მცირე საოჯახო ტიპის სახლებზე. ერთ-ერთი რეკომედაცია არის სწორედ ის, რომ საქართველოში გაძლიერდეს სოციალურ მუშაკთა ინსტიტუტი და განხორციელდეს უფრო მეტი მონიტორინგი ბავშვთა ინსტიტუციებზე", _ განაცხადა პრესკონფერენციაზე მო დე ბოერ-ბუკიკიომ.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქუჩაში მცხოვრებ და მომუიშავე ბავშვების პრობლემების შესახებ.
"ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მინდა აღვნიშნო, არის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა. ეს არის სერიოზული საკითხი და საქართველომ ბევრი ნაბიჯი უნდა გადადგას ამის მოსაგვარებლად. ერთ-ერთი არის ამ საკითხის მოგვარებაში მონიტორინგი და პრევენცია ანუ ადრეული გამოვლენა იმ შემთხვევებისა და ოჯახებისა, რომელთაც მატერიალურად უჭირთ. ასევე მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები ბავშვების განათლების საკითხი. ამ მხრივ, სახელმწიფომ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას. მნიშვნელოვანია დროული ინფორმაციის მოპოვება და ასევე სოციალური მომსახურების ინსტიტუტის გაძლიერება. ამ კუთხით როგორც სახელმწიფო, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია", _ განაცხადა მო დე ბოერ-ბუკიკიომ.
ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ეწვია ბავშვთა სახლებს, შეხვდა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს. იმყოფებოდა წეროვანის დევნილთა დასახლებაშიც.
ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს სპეციალური მომხსენებელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2017 წლის მარტში წარუდგენს.