საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ შესაძლოა ბათუმში ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში დაურეგისტრიროს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა რას ფიქრობს საზოგადოება მოსამართლისთვის ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რის გასარკვევადაც თბილისის ქუჩებში მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევით გამოკითხა.
მოქალაქე გიორგი მაჭარაშვილის თქმით, მოსამართლეებისთვის ბინის ჩუქება უსამართლობაა.
"მოსამართლეებისთვის ბინის ჩუქება უსამართლობაა. ჩემი აზრით, სახელმწიფომ იმ მოსამართლეების საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფა უნდა შეძლოს, ვინც ბათუმში არ ცხოვრობს ან მოსამართლემ თვითონ უნდა გადაიხადოს საცხოვრებლის ხარჯი,"_ამბობს მაჭარაშვილი.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას თამუნა ჩაჩუამ თქვა, მოსამართლეებს საკუთარი საცხოვრებელი ბინის გარეშე მოვალეობის შესრულება გაუჭირდებათ.
"მოსამართლეებს ბინები საკუთრებაში უნდა გადასცენ, რადგან სხვანაირად მოვალეობის შესრულება გაუჭირდებათ,"_ ამბობს ჩაჩუა.
კიდევ ერთი მოქალაქე, ნინო მეურმიშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლისთვის ბინის ჩუქებით არაფერი დაშავდება.
"მოსამართლეს ბინა რომ აჩუქონ ამით არაფერი დაშავდება ჩვენს დანგრეულ ქვეყანაში, ხალხის აზრი ვის რაში აინტერესებს, მაინც ისე იმოქმედებენ, როგორც განსაზღვრული აქვთ,"_თქვა მეურმიშვილმა.
თბილისში მცხოვრები გურანდა ბზიკაძის თქმით, მოსამართლე სახელმწიფომ საცხოვრებელი ბინით მოვალეობის შესრულების ამოწურვამდე უნდა უზრუნველყოს.
"არ უნდა გადასცეს, უბრალოდ, უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი ბინით მოვალეობის შესრულების პერიოდში, როცა იმ კონკრეტულ ვადას ამოწურავს, ის ფართი უნდა გადაეცეს სხვა მის ადგილას მყოფ პიროვნებას ისევ ამ სახით, ასე რომ, ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ყველას ეგრე გადაეცეს ბინები საკუთრებაში,"_ თქვა ბზიკაძემ.
ნიკა თამაზაშვილის აზრით, მოსამართლისთვის ბინის საკუთრებაში გადაცემა ეჭვს იწვევს.
"არა არ უნდა გადასცენ, რადგან დამთავრდა ის დრო როდესაც აღმასკომის თანამშრომლებს ბინებს ჩუქნიდნენ. პირადად ჩემში მოსამართლისთვის ბინის საკუთრებაში გადაცემა ეჭვს იწვევს,"_ ამბობს თამაზაშვილი.
ლიზა ამირეჯიბს კი მიაჩნია, რომ ყველა მოსამართლეს თუ სახელმწიფო ბინებს აჩუქებს სხვები უსახლკაროდ დარჩებიან.
"ყველა მოსამართლეს რომ ბინები აჩუქონ, სხვები უსახლკაროდ დარჩებიან. ამიტომ მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოვალეობის შესრულების ამოწურვამდე უნდა მოხდეს,"_ თქვა ამირეჯიბმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებას, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, ხოლო ბათუმის საკრებულოში ტურავასთვის ბინის სიმბოლურ ფასად გადაცემა საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა გააკრიტიკა, რასაც საკითხის განხილვის გადადება მოჰყვა.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის ბინების სიმბოლურ ფასად გადაცემა ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო თბილისიდან ბათუმში გადავიდა.
ამავე თემაზე:
მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხს საკრებულო დღეს აღარ განიხილავს
სახელმწიფომ მოსამართლეებისთვის ბინების ჩუქება აღარ უნდა გააგრძელოს
მოსამართლეებისთვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკა გრძელდება
გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა
ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე
გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებაზე სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო