ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მილიონ ცხრაას ორმოცდათერთმეტი ათასი ქალი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 52 პროცენტია. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, მნიშვნელოვან თანამდებობებს ჩვენს ქვეყანაში მამაკაცები იკავებენ.
მთავრობაში, 19 მინისტრიდან 3 ქალია. პარლამენტის 150 დეპუტატიდან 18-ია ქალი.
ქვეყანაში არც მერის და არც გუბერნატორის თანამდებობას ქალი არ იკავებს; 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთის გამგებელია ქალი; ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების 2083 დეპუტატიდან ქალი მხოლოდ 242-ია.
სად არიან ქალები, რატომ არ არიან პასუხისმგებელ თანამდებობებზე, როგორ და რისთვის იბრძვიან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ირინა საჯაიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ "გურია ნიუსის" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაში _ "მონოლოგიდან _ დიალოგამდე", ისაუბრეს.
გადაცემის სტუმრებმა, რომლებიც გენდერული საბჭოს წევრებიც არიან, დეტალურად ისაუბრეს იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც საბჭო ადგილობრივ თვითმმართველობებს აწვდის.
ლელა ნაცვალაძის თქმით, ოზურგეთი სამ წლის წინ იმ ოთხ მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც დღემდე წარმატებით მუშაობს:
_ მთავარი მოთხოვნა იყო, რომ საბჭო დაკომპლექტებული ქალბატონებით. მაშინ უფრო ცოტა ქალი იყო საკრებულოში, ამიტომაც მამაკაცებიც დაგვეხმარნენ. წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა კახა ღლონტმა პირველი პროექტი დაწერა ქალბატონებზე, _ აღნიშნა ნაცვალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ საბჭოს შექმნიდანვე გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისთვის, რაც პროექტებშიც აისახა.
ირინა საჯაიას თქმით, საბჭოს მიერ ჩატარებული შეხვედრები, განხორციელებული პროექტები, რომლებიც საზოგადოების განათლებას ეხებოდა გენდერულ საკითხებში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
გადაცემის სტუმრებმა მათ მიერ გავლილ პოლიტიკურ გზაზე, სირთულეებზე და დადებით მხარეებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ქალი პოლიტიკაში მოსასვლელად კარგად უნდა მოემზადოს და ამისთვის ბევრი რამის სწავლაა საჭირო:
_ ჩვენ დიდი ხანია პოლიტიკაში ვართ და ახლა გამოცდილებას სხვებს ვუზიარებთ, _ აღნიშნა საჯაიამ.
გადაცემის სტუმრების თქმით, აუცილებელია, ქალბატონები სახლებიდან გამოვიდნენ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთონ.
როგორც ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, სოფლებში, ბოლო დროს გამართულმა შეხვედრებმა ცხადჰყო, რომ ქალები ნაკლებად აქტიურები არიან.
ნაცვალაძემ ჩვენს გადაცემაში ექსკლუზიური ინფორმაციაც გაახმოვანა და თქვა, რომ ოზურგეთში გასამართ რიგგარეშე არჩევნებზე, სოფელ ნასაკირალში, ლევან მამალაძის პარტია, რომლის ხელმძღვანელიც თავად გახლავთ ოზურგეთში, მხარს "ქართული ოცნების" ქალ კანდიდატს დაუჭერს:
_ "ქალი დეპუტატი იყრის "ქართული ოცნებიდან" კენჭს. პარტიის ხელმძღვანელსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ვალდებული ვარ ქალ კანდიდატს მხარი დავუჭირო. არ აქვს მნიშვნელობა სახელისუფლებო კანდიდატია თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ეს მხარდაჭერა მხოლოდ მე არ მეხება პიროვნულად _ ჩემი პარტია მხარს ამ არჩევნებში ქალ კანდიდატს უჭერს. ნასაკირალში პიროვნული არჩევნებია და არა პარტიული. საპარლამენტო არჩევნებში რასაც ვიზამთ, ეს გამოჩნდება, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქალების პოლიტიკაში უნდა გაძლიერდნენ, მივცეთ იმ პედაგოგ ქალს შანსი და დავამსხვრიოთ მითი, რომ მაჰმადიანი თემი ქალს არ აირჩევს დეპუტატად და ა.შ. _ აღნიშნა ნაცვალაძემ.
ირინა საჯაიას თქმით, მაჟორიტარი კანდიდატობა ნამდვილად არ არის ადვილი:
_ ძალიან რთულია კანდიდატობა. მე ვიყავი კანდიდატი და ძალიან გამიჭირდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ როგორც ქალს. პოლიტიკა ადვილი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ქალების ჩართულობაც აუცილებელია. ქალები კონკრეტულ საკითხებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალურ თემებთან დაკავშირებით, _ თქვა საჯაიამ გადაცემაში სტუმრობისას.