დღეს ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს იმ ქვეყნების სიიდან ამოღების საკითხს, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად ვიზა სჭირდებათ. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილიცაა, ბრიუსელში იმყოფება.
ლევან ბერძენიშვილი ამ მოვლენას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"დღეს, 25 აპრილს, ბრიუსელში, თბილისის დროით 19.30-20.00, ხდება ეს ამბავი:
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) განიხილავს საქართველოს იმ ქვეყნების სიიდან ამოღების, რომელთაც საზღვრის გადაკვეთისას ვიზა სჭირდებათ და "უვიზო" ქვეყნების სიაში ჩაწერის საკითხს. მომხსენებელია მარია გაბრიელი ბულგარეთიდან (ევროპის სახალხო პარტია). კომიტეტის თავმჯდომარეა კლოდ მორაესი დიდი ბრიტანეთიდან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი).
და, ბედისწერის განგებით, ამ ამბავს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესწრება, რომელიც ბრიუსელში ასოცირების კომიტეტის სხდომაზე იმყოფება. და ეს ამბავიც ავაზის დღეს ხდება.
ბრიუსელის დროით 20.00 შეგატყობინებთ შედეგს. უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე დაგვრჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა და ევროკავშირის საბჭოს სხდომა. მოკლედ, ევროკომისიის "კი" გვაქვს, კიდევ სამი "კი" გვჭირდება, დღეს — ყველაზე მთავარი."– წერს ლევან ბერძენიშვილი.