ბრიუსელში, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა, ევროპარლამენტის მხრიდან საჯად კარიმისა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან ზვიად კვაჭანტირაძის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
"რთული პოლიტიკური ვითარებების მიუხედავად, საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან მიერთების მნიშვნელოვნად მაღალ დონეს და ეს ასოცირება გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ და დემოკრატიულად გამოხატულ ნებას. ევრო-ატლანტიკური არჩევანს სრულად უჭერს მხარს ჩემი ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა. ის აერთიანებს პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან უმრავლესობას. ახლახან მიღებული ოპერატიული საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესახებ მიმართავდა ევროპარლამენტს, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის ირგვლივ ყველა მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის თანამშრომლობის კარგი ნიშანი აღმოჩნდა", – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, არსებული და მზარდი საგარეო ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ მეტად უნდა გავაძლიეროთ რეფორმების გატარების მიმართულებით ძალისხმევა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის მაქსიმალური რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ ასოცირების შეთანხმების წარმატებით განსახორციელებლად, რათა შედეგად მივიღოთ მეტი სამუშაო ადგილები, ექსპორტის გაზრდა, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და მეტი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში.
კომიტეტმა საქართველოს მთავრობის სახელით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის და ევროკომისიის მხრიდან იაროშევიჩს და ბუსკეს მოუსმინა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობების განხილვის შემდგომ, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი დასკვნით განცხადებაზე და რეკომენდაციებზე შეთანხმდა.