საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამ „მცირე“ პრობლემას ასახელებს, რომელსაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი გათვალისწინება სჭირდება.
როგორც დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი პრობლემა ეს არის გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც რეგიონშია შექმნილი.
„არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი ეს არის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში და ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე. მაგრამ ეს გავლენა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დროზე და არა – შინაარსზე. როდის რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შესაძლოა, ამან ოდნავი გავლენა იქონიოს, მაგრამ არა ძალიან მნიშვნლეოვანი. ეს არის ჯერ-ჯერობით პირველადი დასკვნა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მეორე პრობლემად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მცდელობებს ასახელებს.
„მეორე პრობლემა, რაც გვაქვს მცირე, მაგრამ მაინც არსებობს, ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ "სახალხო პარტიის" წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს.
ეს არ არის დიდი ნაწილი, მაგრამ ესეც აშკარაა. საქართველოში გვესმის "ნაცმოძრაობის" ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული პარტიული, თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მესამე პრობლემა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, არის „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის განცხადებები.
„მესამე მცირე პრობლემა რაც გვაქვს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი, არცთუ ნორჩი „ლენინელი“ და „სტალინელი“ გვიქმნის პრობლემას, რადგან ბევრი მათი განცხადება გვხდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, სამივე ამ მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.