ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გია კალანდარიშვილმა, დემოკრატიული ჩართულობის ოზურგეთის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მგელაძე და შტაბის წევრები: ვლადიმერ სურგულაძე, ივანე ხომერიკი და კახა კეჭაყმაძე ოფიციალურად წარუდგინა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "პაატა ბურჭულაძე -საქართველოს განვითარების ფონდის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა ლევან მგელაძემ , რომელიც ამავე დროს გია კალანდარიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფნის პერიოდში გახორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეოფირი აჩვენა და 2010- 2012 გიგი უგულავას მიერ თბილისში გახსნილი კულტურის ცენტრის "არტ -ჰოლის", "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დახმარებით "არტ -ჰოლის" დირექტორად დანიშვნისა და 2012 წელს "ვარსკვლავის გახსნის" ცერემონიალი შეახსენა.
"როდესაც ბატონი ვასილი ინტერესდება ჩვენი პოლიტიკური წარსულით, შევახსენებთ მის პოლიტიკურ საქმიანობას, თქვენ ხართ სახელისუფლებლო კანდიდატი დიდი ადმინისტრაციული რესურსებით და ფინანსებით, რომელიც უკვე ამოქმედებულია ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. არაერთი ინფორმაცია შემოდის ჩვენს შტაბში ზეწოლის, გადაბირების მცდელობის შესახებ, რაზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ"_ განაცხადა მგელაძემ ბრიფინგზე.
პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში ვასილ ჩიგოგიძე, ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" იყო დაახლოებული, უარყოფს.
"შეიძლება გავიცინო? "არტ-ჰოლი" არის კერძო საკუთრება, გიგი უგულავა მობრძანებული იყო გახსნაზე. მე ვიყავი "არტ -ჰოლის" გენერალური დირექტორი 4 თვის განმავლობაში. არავითარი შეხება მე არ მქონია სახელმწიფოსთან, მით უმეტესად იმ ხელისუფლებასთან, ეს ერთი და მეორე, მე გავხსენი "არტ-ჰოლი", დავაწყვე პროექტები კერძო მესაკუთრესთან, რომ ვნახე, რომ ის პროექტები ისე არ შეიძლებოდა განხორციელებულიყო, რომ ვნახე, რომ უარი მითხრეს, სამხატვრო საბჭოს შექმნაზე, სადაც უნდა შესულიყო გია ბაღაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე და ა. შ. დავიხურე ქუდი და წამოვედი. რაც შეეხება გიგი უგულავას, ის ერთადერთხელ ვნახე "არტ-ჰოლის" გახსნაზე, მე მასთან არავითარი კავშირი არასოდეს აღარ მქონია. აი ეს არის სამწუხაროდ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებული ჭორები. რაც შეეხება ვარსკვლავის გახსნას, მე კითხვა მაქვს თქვენთან, ოთარ მეღვინეთუხუცესზე, კახი კავსაძეზე, გივი ბერიკაშვილზე მეტი ოპოზიციონერი იმ ხელისუფლებას ოდესმე თუ ჰყავდა ვინმე, მაშინ მე ბოდიშს მოვიხდი. მათი ვარსკვლავების გახსნის თარიღებსაც გეტყვით, იმასაც თუ როდის გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი, მაშინ როცა მე ესპანეთში ვიყავი და ოზურგეთში ვარსკვლავს მიხსნიდნენ და მიხვდებით აპრილში რატომ გაიხსნა ჩემი ვარსვლავი, როცა ოქტომბერში უკვე მათი არჩევნები იყო"_ამბობს ჩიგოგიძე და კალანდარიშვილის მახრადამჭერების მიმართ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განმარტავს: "ფაქტები მოიყვანონ, როცა ზეწოლაზე საუბრობენ. მრცხვენია, როცა ოზურგეთელებს ვასილ ჩიგოგიძესთან სჭირდებათ მსგავსი რამ, სირცხვილი იმ ოზურგეთელებს, ამაზე რომ საუბრობენ!"