დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის კულმინაციურ საკითხს 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენა წარმოადგენდა. საკითხი მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ზაზა ურუშაძემ გამოიტანა დეპუტატთა სამსჯავროზე.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ა(ა)იპ-ების უფროსთა სრული მობილიზება იყო, რომლებსაც რიგი თანამშრომლებიც უმშვენებდნენ გვერდს. სხდომა უჩვეულოდ ჩუმ გარემოში მიმდინარეობდა და დღის წესრიგის თანახმად წარმოდგენილი საკითხების მიმართ არც შეკითხვები დაუსვიათ დეპუტატებს.
გამგებელმა თავის მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა ბიუჯეტის შესრულების პარამეტრების შესახებ, რაც დამსწრეთათვის საკმაოდ ნაცნობი თემა, თუმცა დარბაზში მყოფები მოლოდინის რეჟიმში იყვნენ, როგორ განვითარდებოდა შემდგომ მოვლენები. საგულისხმოა, რომ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებას უარყოფითი შეფასება მისცა ფრაქცია "ლანჩხუთი-ევროატლანტიკური მომავლისთვის" და სწორედ ამ ფრაქციის წევრებისგან ელოდნენ გამგებლის სიტყვის შემდეგ თემის უფრო წამოწევას მავანნი. მაგრამ ყველასგან მოულოდნელად ზაზა ურუშაძეს კითხვით "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ომარ გოგიჩაიშვილმა მიმართა: "ბატონო გამგებელო, აუდიტის დასკვნის თანახმად რიგ ა(ა)იპ-ებში დარღვევებია გამოვლენილი და ხომ არ ფიქრობთ ამის ფონზე, უნდა დაისვას თუ არა, ამ სამსახურების უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი, თუნდაც თქვენი?"
გამგებლის თქმით, ამ გახმაურებულ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ის აპირებს პროკურატურას მიმართოს, რის შემდეგაც ექნება კონკრეტული პასუხის გაცემის საშუალება.
"ევროატლანტიკოსთა" ხელმძღვანელმა ელგუჯა ჩხაიძემ ფრაქციის სახელით აზრი საჯაროდ მაინც დააფიქსირა, რომ ფრაქცია უარყოფით დასკვნას აძლევს წარმოდგენილ ანგარიშს და მიაჩნია, რომ დანაშაულია, როცა აუდიტმა თავის დასკვნაში ბიუჯეტის შესრულებას პირობითი შეფასება მისცა, დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირონ.
ამ კომენტარის შემდეგ კი ჩხაიძის თანაფრაქციელებმა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს, რომლებსაც უმრავლესობის წევრმა თემურ ალექსაიამ ზურგში კომენტარიც მოაყოლა – "რა ბედნიერებაა, ასე უკომენტაროდ რომ დაგვტოვეს."
საბოლოოდ საკითხის კენჭისყრისას მცირედი შელაპარაკება მოხდა დეპუტატებს ია ჩხაიძესა და რომან ბიწაძეს შორის. ბიწაძემ საერთოდ უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რასაც დაუშვებლად მიიჩნევდა ჩხაიძე.
"როგორ მიმეღო ამ კენჭისყრაში მონაწილეობა, როცა თავის დროზე ბიუჯეტის პროექტისთვის ხმა არ მიმიცია. ის, რაც თავშივე არ მომწონდა, ახლა როგორ მოვიწონო ან დავიწუნო?!" -გაიკვირვა რომან ბიწაძემ, რომელსაც დარბაზში მყოფმა ა(ა)იპ "ტექ-სერვისის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ნუგზარ ცინცაძემ, "ნაციონალეთან" კავშირში ხმამაღლა დასდო ბრალი და ზედ გვარიანი გინებაც მიაყოლა.
მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული "სხვადასხვა" საკითხი გაეუქმებინა და უჩვეულოდ ჩუმი სხდომაც ამით დამთავრდა. სხდომათა დარბაზის მიღმა კი საკმაოდ შეიმჩნეოდა როგორც უცხო პირთა, ასევე ა(ა)იპ-ის რიგ თანამშრომელთა მობილიზაცია, ხოლო ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" კარებთან დაცვა იდგა.
კითხვაზე ,თუ რატომ დატოვა სხდომა ასე მოულოდნელად, კახა ასკურავამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"დღეს მოხდა, ის, რასაც ველოდებოდით. წინა დღიდანვე შეიმჩნეოდა რეგიონალური სუსის თანამშრომელთა სტუმრობა ლანჩხუთში და იმ საბიუჯეტო სამსახურების თანამშრომლებთან კონტაქტი, რომლებიც უკლებლივ გამოცხადდნენ კიდეც საკრებულოს სხდომაზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი სხდომა დაგეგმა არა საკრებულოს თავმჯდომარემ და ბიურომ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არამედ შესაბამისმა სამსახურმა. თუმცა, ვინაიდან, ჩვენ ამაზე წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, არ მივეცით მათ გეგმის განხორციელების საშუალება და წავედით ისე, რომ ისინი "გასუსულები" დავტოვეთ.
მინდა ერთი რამ გითხრათ, საკრებულო და მისი თავმჯდომარე გადამწყვეტ მომენტში გადის მომსახურეობის ზონიდან და თავიდან ბოლომდე შესაბამისი სამსახურების მორჩილი ხდება, რაც ნიშნავს საკრებულოს უფლება-მოვალეობების განხორციელების პარალიზებას, რისი საუკეთესო მაგალითიც ლანჩხუთის საკრებულოში დღეს ვიხილეთ. რას ვაპირებთ ხვალ, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, სუს-ს ანგარიშს არ ჩავაბარებთ და ერთიც, მას შემდეგ, რაც ჩვენ სხდომა დავტოვეთ, აუდიტის მიერ პირობითი დასკვნა საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მაინც დადებითად შეაფასა, რითაც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს," – გვითხრა ასკურავამ.
ასკურავას მხრიდან საკრებულოს მიმართ გამოთქმული ბრალდებების ფონზე ჩვენ კომენტარისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს გოგი ხელაძესთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.