ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები აზრთა სხვადასხვაობისა და ხშირად დაპირისპირების საბაბიც ხდება. მოქალაქეთა ნაწილს მიაჩნია, რომ სასამართლო თავისუფალია, თუმცა, მეორე ნაწილის აზრით, იმ ფონზე, როდესაც მოსამართლეების ნაწილი სისტემაში დარჩა, სასამართლო სრულ თავისუფლებას ვერ მოიპოვებს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ რიგითი მოქალაქეები სასამართლოს თავისუფლების შესახებ, ამის გასარკვევად კი, თბილისის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევით ხალხი გამოკითხა.
დედაქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები, დეა სახიაშვილის აზრით, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.
"სასამართლოსთან ახლო კავშირი არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე გახმაურებული პროცესიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ის დამოუკიდებელი არ არის," _ ამბობს სახიაშვილი.
გიორგი მღებრიშვილს კი მიაჩნია, რომ სასამართლო თავისუფალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ დამნაშავეს მიეცემა დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების უფლება.
"სასამართლო, რა თქმა უნდა, თავისუფალია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების ობიექტურად წარმართვა შეუძლებელი იქნება, რაც ბევრ დამნაშავეს მისცემს ქუჩაში თავისუფლად სიარულის და დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების საშუალებას,"_ თქვა მღებრიშვილმა.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნინო ქარდავამ აღნიშნა, დღეს სასამართლო პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის.
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა მოქცეული, შესაძლოა, ყველა პროცესსა და მოსამართლეს ეს არ ეხება, მაგრამ რუსთავი 2-ის საქმემ დატოვა ჩემში ეს აზრი,"_ ამბობს ქარდავა.
მაია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ სასამართლო სრულიად თავისუფალია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
"მჯერა, რომ სასამართლო სრულიად თავისუფლად იღებს გადაწყვეტილებებს, რადგან თუ ქვეყანაში სამართლებრივი სისტემა ზეწოლის ქვეშ იქნება, მაშინ დემოკრატიაზე და ევროპისკენ სვლაზე საუბარი ზედმეტია,"_თქვა აბაშიძემ.
თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი სასამართლოს სისტემის გაუმართაობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ობიექტური გადაყვეტილების მისაღებად მოსამართლეებს შესაბამისი სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეთ.
"სასამართლოს თავისუფლებაში ეჭვის შეტანა არ მინდა, მაგრამ შემცირებული სასამართლოს შენობები და საქმეებით გადატვირთული მოსამართლეები ბუნებრივია მიუთითებს, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა გაუმართავია და მოწესრიგება ჭირდება,"_ამბობს გელა ნაკაშიძე.
ლიზა ამირეჯიბის თქმით კი, სასამართლო ობიექტური იმ შემთხვევაში იქნება თუ ხელისუფლებაში "გაუმაძღარი" კადრები არ იქნებიან.
"სასამართლო თუ გვინდა თავისუფალი იყოს, ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი კადრები, რომლებსაც არ ექნებათ გაუმაძღრობის გრძნობა, არავის არაფერში ვადანაშაულებ, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხისთვის არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა და არც არის, შესაბამისად, არც მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი მიმაჩნია ყოველთვის ობიექტურად,"_აღნიშნა ამირეჯიბმა.