თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის, ნინო გოცაძის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორია, რომელიც თაბორის ქედის გასწვრივ მდებარეობს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გასხვისდა.
გოცაძე სოციალურ ქსელში ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი დეტალის შესახებ წერს.
"გურია ნიუსი" ნინო გოცაძის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:
"ისევ ბოტანიკური ბაღი. ისევ ჩინოვნიკების არაკვალიფიციურობა და უპასუხისმგებლობა. ისევ უადგილო, უდროო და პოპულისტური აჟიოტაჟი იმ ძალის მიერ, ვისაც თვითონ აქვს გასაცემი კითხვებზე პასუხები, მაგრამ კითხვის დამსმელი არ გამოუჩნდათ. მოკლედ, შევეცდები ცოტაოდენი სინათლე შევიტანო ამ ლაბირინთში:
1. შპს "ფინსერვის"-ის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის, რომელიც თაბორის ქედის გასწვრივ მდებარეობს და შეადგენს 10ჰექტარის, შეძენა მოხდა 2007 წელს. ანუ, "ნაციონალური მოძრაობის" ზეობის ხანაში, როცა სრული განუკითხაობა სუფევდა და არავის ახსოვს ირაკლი აბესაძის და ნიკანორ მელიას მიერ უგულავას კაბინეტის კარის პიკეტირება აღნიშნულის გამო. არც არასამთავრობოებს გამოუჩენიათ პროტესტით თავი. ამდენად, ჩემი აზრით და მორალური მოსაზრებით, ამ სუბიექტებს ნამუსი არ უნდა აძლევდეს უფლებას დღეს ასე თავგამოდებით და ზოგ შემთხვევაში უტიფარი აგრესიულობითაც მოითხოვდნენ პასუხებს.
ნამუსი… მაგრამ სადაა ნამუსი?!
2. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ნაწილდება დაახლოებით ასე: 57ჰექტარი. არის საკოლექციო ნაკვეთები და საპარკე ნაწილი; არასაკოლექციო ნაკვეთები – 7ჰექტარი. მიუდგომელი ფერდობები, მიახლოებით 3ჰა. ხოლო დანარჩენი 30ჰა.(ციფრები მიახლოებითაა მოყვანილი!) არის ყამირი, ლეღვთახევისა და თაბიროს ქედს შორის მოქცეული, ძნელად მისადგომი ველური ბუნება, სადაც სარწყავი სისტემის მოწყობა და კულტურული სახის მიცემა კოლოსალურ თანხებზე გადის და ბოტანიკურ ბაღს ამის შესაძლებლობა კი არა, ოცნებაც უძნელდება.
აქედან გამომდინარე, დავუშვათ "ხვალ", ბატონი ივანიშვილი გამოდის შემოთავაზებით, რომ ამ 30-40ჰექტარი უპერსპექტივო ადგილის სანაცვლოდ, ბოტანიკურ ბაღს სთავაზობს ალტერნატიულ, ნაყოფიერ ფართობს ქალაქში ან მასთან ახლოს და თავის თავზე იღებს მის კეთილმოწყობას. ხოლო ბოტანიკურისგან მიღებულ ფართობს შეუნარჩუნებს სარეკრეაციო ზონის სტატუსს შემდგომი განვითარებით. რა არის ამაში ცუდი, მიუღებელი ან კატასტროფული??? პირიქითაც კი, მისასალმებელია და მეტსაც ვიტყოდი – კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რომ ეს ადამიანი, რომელიც უკვე მეორე ათეული წელია ინახავს ბოტანიკურ ბაღს და მის თანამშრომლებს, დღესაც უანგაროდ აგრძელებს ამ საქმეს!!! მაგრამ ერთია სურვილი, საქმის კეთება, უანგარობა, უამრავი უკვე გაკეთებული საქმე, ქვეყნის საკეთილდღეოდ დახარჯული 2 მილიარდამდე დოლარი და მეორეა თუ ვის აქვს მიბარებული ამ საქმეების წარმოჩენა, გადაწყვეტა და საზოგადოებამდე მიტანა… აი, აქაა სწორედ ძაღლის (გნებავთ ნებისმიერი სხვა ცხოველის ან ფრინველის) თავი დამარხული! – კადრები, ბატონო ბიძინა, კადრები, ესაა თქვენი ყველაზე დიიიიდი მინუსი და ყველა იმ უარყოფითის სათავე, რამაც პირადად თქვენს ქველმოქმედებაში ეჭვი შეატანინა საზოგადოებას, ხოლო თქვენი და ჩვენი ხელისუფლების რეიტინგი, 2012-ის რეალური 80%-დან 2016-ში 30%-მდე დასცა… ნახეთ ტელეკომპანია "კავკასიის" გუშინდელ(26/04/2016) გადაცემა "ბარიერის" ეთერში ორი "ჩინოვნიკი", ერთი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, ეკოლოგიის და ტრანსპორტის მიმართულებათა კურატორი და მეორე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი… რა ლექსიკა, რა ჰორიზონტები, საკითხის როგორი სიღრმისეული ცოდნა, როგორი განსწავლულობა, ამაღელვებელი მჭევრმეტყველება… იმდენად, იმდენად, რომ რთულია უბრალო მოკვდავს გაეგო, თუ რაზე საუბრობდა ეს ორი "ჯენტლმენი"…
ეს ადამიანები იმდენად უსუსური აღმოჩნდნენ, რომ ელემენტარული, რეალური ინფორმაციის მიტანაც კი არ შეუძლიათ მოქალაქეებამდე. თორე ხომ ყველამ ვიცით და ვინც არ იცის, შეუძლია თავისი თვალით ნახოს, რომ ჩანაცვლებული 4ჰა. აღჭურვილია სარწყავი სისტემით, უფრო მარტივად მოსავლელია, ზედ არსებობს ნარგაობა, ხეხილი და გაცილებით მეტს ფასობს, ვიდრე ის, რაშიც გაიცვალა.
რატომ ვერ შესძლო ამ ორმა, იურიდიულად სწორად გაევლოთ ყველა პროცედურა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ასე უხეშად არ ჩამოახიონ ტერიტორია და სხვა მხრიდან არ მიაკერონ???
თუ თვითონ არ ან ვერ შეუძლიათ, ხომ არსებობს სპეციალისტები, ვისაც უანგაროდ შეუძლია დახმარება??? ხომ არსებობს საზოგადოება, "ბოტანიკური ბაღის მეგობრები"??? ნუთუ იმდენად უვიცებად უნდა წარმოჩნდნენ, რომ ვერ განსაზღვრეს შედეგები? ან, არ მინდა ცუდი ვიფიქრო, მაგრამ მიზანმიმართულად ხომ არ სჩადიან ასეთ უპასუხისმგებლობას ახლა, არჩევნების წინ? თუმცა ამას არ გამოვრიცხავ, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ერთი მათგანი რეჟიმის ეკონომიკურ დანაშაულებს "აპრავებდა" წინა ხელისუფლების დროს. თევზაძის მართულ უნივერსიტეტში კომფორტულად გრძნობდა თავს. ხოლო მეორე ვარშალომიძის ახლო მეგობარია და "აკვნიდან" სავარძელში ისე ისკუპა, ცივი ნიავი არ გაჰკარებია.
3. 520 ხე გაიჩეხა კრწანისი-შინდისის გზის ასაშენებლად. 640 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან, ბუნებრივი აირის მაღალი წნევის მილის გადასატანად და აღმოჩნდა, რომ პროექტი გააზრებული არ იყო, გზამ სხვაგან უნდა გაიაროს და ამისთვის დამატებით უნდა გაიჩეხოს ხეები, ხოლო 640 000 ლარი ჰაერში გაიფანტა…
ეს საკითხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცდება და იმედია სათანადო ორგანოები დაინტერესდებიან", _ აღნიშნავს გოცაძე.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ნიკა მელიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის დიდი ნაწილი მიისაკუთრა.
"ბიძინამ სოლოლაკის საკარმიდამოს თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიუერთა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მალულად", _ აცხადებს მელია.
თუმცა, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
"პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა ბაღის ფართობის უცვლელად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად.
ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2007 წელს, თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წელს დადგენილი პირობითი გეგმის მიხედვით, რაც მოიცავდა 81 ჰა ტერიტორიას და აღნიშნულ საზღვრებში არ შედის ის ფართობი, რომლის ცვლილებაც განხორციელდა.
ამასთან, ძეგლის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება არ განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უფლებამოსილებას, შესაბამისად, თბილისის მერიის მიერ საზღვრების კორექტირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.
თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან მიზანმიმართულ პროვოკაციას, რათა საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა", _ აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
"სინდისიც კაი საქონელიაო – ანტიეროვნულო ნაციონალებო"