დღეს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთ კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განცხადება გააკეთა ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე და ამ თემით ოპოზიციური პარტიების სპეკულირებაზე. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარემ პირველად გააკეთა ასეთი მკაცრი განცხადება სოციალური აგენტების და მათი ხელმძღვანელების მიმართ. გთავაზობთ დეპუტატის განცხადებას უცვლელად:
"დაიწყო წინაასარჩევნო პერიოდი და მასირებული შეტევა ყველაზე დიდ პოზიტივზე – ქართულ წარმატებულ ჯანდაცვაზე და ყველაზე სენსიტიურ – სოციალურ თემატიკაზე.
"ნაციონალურ მოძრაობასა" და მის მონათესავე სატელიტ პარტიებს სურთ მოსახლეობას წაართვან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უამრავი ოჯახი იხსნა დაღუპვისაგან და სურთ მოსახლეობა დააბრუნონ საყოველთაო პატიმრობის პროგრამაში. ეს მათი გაგებით უფრო ნაკლები დაუჯდება ქვეყანას და საზოგადოების მართვაც გაცილებით იოლი იქნება. ჩემი არაერთი თხოვნისა ოპონენტების მიმართ, რომ სოციალური თემატიკა – საზოგადოების ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობა არ გამოეყენებინათ პოლიტიკური სპეკულირებისათვის, არათუ შეისმინეს, არამედ ფარად აიფარეს და ამით უნდათ გაიკვალონ გზა.
ამის კლასიკური მაგალითი იყო გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გასული გადაცემა "არჩევანი", სადაც ტყუილისა და მართალის გარჩევა საზოგადოებისათვის ძალიან რთული იყო, მაგრამ მათი მიზანი თვალნათლივ ჩანდა. გადაცემაში გამოტანილი პრობლემები არ დაწყებულა გუშინ, მაგრამ მე არ მახსოვს, როდესმე, 2012 წლამდე მსგავსი სიხშირით და სიმწვავით გაეშუქებინათ ამ ტიპის პრობლემები. სოციალური თემატიკა უნდა შუქდებოდეს, მაგრამ არა ამ ფორმით. მათი მთავარი მიზანია ქყვენაში შექმნან პანიკა, დაამკვიდრონ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი, გააღვივონ სიძულვილი და ამაში ნახონ სარგებელი.მთავარია გქონდეს პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება, რაც მათ არასოდეს ჰქონიათ. ნაციონალურ მოძრაობას სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მხოლოდ საარჩევნოდ ახსოვთ და სჭირდებათ.
მინდა ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ განვაცხადო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით ხელისუფლება გააგრძელებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.
სოციალურად დაუცველთა პრობლემებს, მიუხედავად იმისა ვისი პოლიტიკური მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩავწვდებით ბოლომდე. სოციალური აგენტების გასაგონად მინდა ვთქვა: მკაცრად გადამოწმდება მათი და მათი ხელმძღვანელების საქმიანობა და თუ მათ საქმიანობაში პოლიტიკური შემადგენელი, გულგრილობა ან საბოტაჟი გამოიკვეთა, ისინი მკაცრად დაისჯებიან. თუკი ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის და დღემდე დახმარებას ვერ ღებულობს, აუცილებლად დავეხმარებით.
მაგრამ უნდა კარგად ვიცოდეთ, ეს არ არის უმუშევრობის გადასახადი, ეს არ არის სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამა! ეს არის სოციალურად ყველაზე შეჭირვებული ფენის დახმარება, რომელიც სახელმწიფომ გააორმაგა. სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებული და ღარიბი, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას -სად გადის ზღვარი სიღარიბესა და სიღატაკეს შორის? სამი დღის წინ მე და მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო შევთანხმდით, გამოვიყენოთ დამატებითი გადამოწმების მექანიზმები და აღმოვფხვრათ ხარვეზები. ასევე მინდა განვმარტო, რომ პრობლემა არსებულ პროგრამაში კი არა, მისი არსებობის საჭიროებაშია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ოპონენტებს, ნუ გამოიყენებენ ყველაზე გაჭირვებული ფენის თემას პოლიტიკური სპეკულაციისთვის,"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.