ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების _ ლევან მგელაძის, ნათია შარაშენიძის და თამარ ნადირიძის განცხადებით, ქალაქ ოზურგეთის მერიის წინ, იქ, სადაც ქალაქის მერი ავტომანქანას აყენებს, სხვა მანქანების დგომა აკრძალულია.
"ქალაქ ოზურგეთის მერმა მითხრა, რომ მანქანა იმ ადგილას არ დამეყენებინა, სადაც მისი მანქანა დგას," _ ამბობს შარაშენიძე, რომელსაც ლევან მგელაძეც ეთანხმება და დასძენს, რომ იგივე სიტყვები სიორიძემ მასაც უთხრა.
დეპუტატები მერისგან იმის ახსნას ითხოვენ, თუ რომელი კანონის ან დადგენილების საფუძველზე დაწესდა ეს აკრძალვა მათთვის.
ქალაქ ოზურგეთის მერი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მერიის წინ მხოლოდ იმ ავტომანქანების გაჩერება შეიძლება, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილებაა და მერიის ბალანსზეა:
_ იმას, რომ გაზონზე და ტროტუარზე მანქანა არ უნდა გააჩერო არანაირი დადგენილება არ სჭირდება _ ზრდილობა ყველა კანონზე მაღლა დგას.
ქალბატონ ნათიასთვის არ მითქვამს, რომ ეს ადგილი ჩემია. ადგილი, რომელზეც დეპუტატები საუბრობენ, არის ქალაქის მერის, მისი მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარის ავტოსანტრანპორტო საშუალების გასაჩერებელი ადგილი და არა კერძო პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების.
საკრებულოს წევრებისთვის, თანამშროლებისთვის და სხვა პირებისთვის არსებობს სპეციალური ავტოსადგომი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიორიძემ.
_ ბატონო ბეგლარ, მერი და მერის მოადგილე საკრებულოს წევრზე დიდი პრივილეგიით სარგებლობენ მანქანის გასაჩერებელი ადგილითაც კი?
_ მერი და მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრზე უფრო მაღალი თანამდებობის პირია! თუმცა, ეს აქ არაფერ შუაშია _ საუბარია არა კერძო მანქანების დაყენებაზე, არამედ სახელმწიფოს კუთვნილი მანქანების დაყენებაზე. არანაირი პრინციპული მიდგომა არ ხდება. არ არის იმხელა ტერიტორია, რომ ყველა მანქანის გაჩერება იყოს შესაძლებელი, _ განმარტავს ქალაქის მერი.