დღეს, ჩოხატაურში, ისრაელის საელჩომ და საერთაშორისო ცენტრმა „მაშავი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „შალომ კლუბ გურიას“ სათბური გადასცა.
სათბურის პრეზენტაციას ისრაელის ელჩი, ბატონი იუვალ ფუქსი დაესწრო.
უნიკალური სათბური, რომელიც ისრაელის კომპანია “ისრაგრინის“ ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს დაეხმარება.
„ჩვენ ერთობლივად, ისრაელის საელჩო და „შალომ კლუბ გურია“, რომლის პრეზიდენტი ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი გახლავთ, კიდევ მრავალ პროექტს განვახორციელებთ. ეს სათბური იმ მრავალთაგან ერთ-ერთია. არიან ბავშვები, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალური დახმარება და ასევე, სოციალური და კულტურული განათლება.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ და ვითანამშრომლოთ მათ ოჯახებთან. სათბურში დასაქმდებიან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები. ეს არის პირველი ექსპერიმენტი და დიდი იმედი მაქვს, რომ პროექტი გაამართლებს“, _ აღნიშნა ისრაელის ელჩმა.
სათბურის პრეზენტაციის შემდეგ ისრაელის ელჩს ჩოხატაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა უმასპინძლა, სადაც იუვალ ფუქსმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა სასწავლო-შემოქმედებით კონკურსში _ „ისრაელი“, გამარჯვებულ მოსწავლეებს.
ბოლოს კი ისრაელის ელჩი დაესწრო ჩოხატაურის სპორტულ სკოლაში გამართულ ტურნირს ჭიდაობაში, რომელიც უკვე მესამე წელია ისრაელში ტერორიზმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტარდება.
ტურნირის დაწყებამდე, სიმბოლურად, ისრაელისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა.