ზესტაფონის "ფეროს" ადმინისტრაცია ქარხანაში დასაქმებულებზე ზეწოლას ახდენს, ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის პროფკავშირი ავრცელებს.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ფეროშენადნობთა ქარხნის რამდენიმე თანამშრომელი დასაქმებულებს ხვდება და აფრთხილებს, რომ თუ ისინი 9 მაისს დაგეგმილ აქციაზე წავლენ სამსახურიდან გათავისუფლდებიან. ასევე, დასაქმებულთა ნაწილს, რომლებიც აქციაზე წასვლას არ აპირებს, ეუბნებიან, რომ მუშაობის მიუხედავად, ხელფასს ვერც ისინი მიიღებენ.
"გურია ნიუსი" იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარეს, კახა მაჩიტიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ზეწოლა დასაქმებულებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროფკავშირმა აქციის შესახებ ადმინისტრაციას აცნობა.
"მას შემდეგ, რაც ჩვენ ოფიციალურად წერილი შევიტანეთ ადმინისტრაციაში, დაიწყო დასაქმებულების დაშინებები, რომ თუ ისინი აქციაზე გამოვლენ, ხელფასსაც ვერ მიიღებენ და მოეხსენებათ ყველა ის შეღავათი, რითაც ახლა სარგებლობენ.
დღე და ღამე დადიან საამქროში ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე დიტო ყიფიანი და ასევე "ფეროს" ქარხნის HR –ის სამსახურის უფროსი გოჩა ჭანტურიძე, ამათთან ერთად შიგადაშიგ გამოჩნდება ხოლმე ქარხნის მთავარი ინჟინერი ვასო გველესიანი. ყველა საამქროს უფროსი უკვე გაფრთხილებული ჰყავთ, რომ მათთან დასაქმებულები აქციაზე არ გამოვიდნენ, თორემ პრობლემები შეექმნებათ. როგორც მოგეხსენებათ, 4 ბრიგადა მუშაობს ცვლებში, ყველაზე მეტი აქცენტი კეთდება მე-3 ბრიგადაზე, რომ ეს ბრიგადა არ გავა აქციაზე. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაფიცვა არ შედგეს. ისიც კი განაცხადეს რამდენიმე შეხვედრაზე, რომ ის დასაქმებულებიც ვერ აიღებენ ხელფასს, რომლებიც გაფიცვის დღეებში იმუშავებენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თვითონ დასაქმებულებს შორის მოხდეს დაპირისპირება. ძირითადად, ვინც შეიძლება რომ ქარხანაში სამუშაოდ შევიდნენ, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალია, 360 ადამიანი", _ აცხადებს მაჩიტიძე.
ცნობისთვის, პროფკავშირების ორგანიზებით, აქცია 9 მაისს, დილით დაიწყება. პროფკავშირის მოთხოვნაა დასაქმებულებთან კოლექტიური ხელშეკრულებები დაიდოს; შეწყდეს პროფკავშირების წევრების დევნა და შევიწროვება; არ მოხდეს ფეროშენადნობთა ქარხნის გაჩერება ან სპეციალურ რეჟიმში გადაყვანა; შეწყდეს დასაქმებულების ინდივიდუალურ კონტრაქტებში იძულებით მოცდენასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა; კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდეს იძულებით მოცდენასთან დაკავშირებული დათქმისა და ტარიფის გარეშე; დასაქმებულების კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვროს 30 სამუშაო დღეს მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოსთვის დამატებული 10 დღით.
ყოველწლიურად განხორციელდეს ხელფასების ავტომატური ინდექსაცია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით; მოხდეს ზეგანაკვეთურად და უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ანაზღაურება კოეფიციენტით 1.5.
კახა მაჩიტიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონის "ფეროშენადნობთა" ქარხნის დასაქმებულებსა და ადმინისტრაცის შორის მედიაციის პროცესი წარმოებდა, გამოიცვალა 4 მედიატორი, პრობლემა საბოლოოდ მაინც ვერ მოგვარდა.
მისივე თქმით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ცდილობს ადმინისტრაცია პროფკავშირის დაშლას. როგორც მაჩიტიძე აცხადებს, "ის ადამიანები კი, რომლებიც არცერთ პროფკავშირში არ იყვნენ, იძულებულები გახადეს, ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებულ პროფკავშირში გაწევრიანებულიყვნენ. ამასთანავე ამ პროფკავშირში გააერთიანეს დირექტორები, საამქროს უფროსები და მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირებიც".
რაც შეეხება მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, ეს დასაქმებულ გოჩა კვანტრიშვილის სამსახურში დატოვებას ეხება.
"ბოლო შეხვედრაზე მივაღწიეთ შუალედურ შეთანხმებას, რაც უკვე გაფორმებულია. ეს იყო დასაქმებულ გოჩა კვანტრიშვილის დატოვების შესახებ. კვანტრიშვილი მუშაობდა ლაბორატორიაში, სადაც უნდა ჩატარებულიყო რეორგანიზაცია და მას სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. მედიაციის პროცესში მოვითხოვეთ მისი სხვა ადგილზე გადაყვანა, თუმცა ჩვენი მოთხოვნა ასევე იყო ის, რომ მისი სამუშაო პირობები არსებითად არ შეცვლილიყო. მაგრამ დაპირების მიუხედავად, ეს არ შეასრულეს. კონტრაქტში, რომელიც კვანტრიშვილს ჰქონდა ეწერა, რომ მის შვებულება 30 სამუშაო დღით განისაზღვრებოდა, თუმცა, ადმინისტრაცია ითხოვდა, რომ მისი შვებულება 24 დღის განმავლობაში გაგრძელებულიყო. ეს საკითხი დღემდე ღიად არის დარჩენილი", _ აცხადებს მაჩიტიძე.
მისივე თქმით, მედიაციის პროცესში ადმინისტრაციის მხრიდან ითქვა, რომ ის დასაქმებულებთან გააფორმებდა კოლექტიურ ხელშეკრულებებს მაშინ, თუ მასში ჩაიწერებოდა იძულებით მოცდენასთან დაკავშირებით.
"მაგრამ დასახელებული არ იყო კონკრეტული კონკრეტული ციფრი, რითაც იძულებით მოცდენისას დასაქმებულებს ხელფასი უნდა მიცემოდათ. მაგალითად, ჭიათურაში ეს არის ანაზღაურების 60%. თუმცა, ადმინისტრაციამ ამაზე საუბრისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაასახელებდნენ ანაზღაურების ციფრს, თუ ჩვენ მას დავთანხმდებოდით. თუმცა, ამას არ დავთანხმდით", _ ამბობს მაჩიტიძე და განმარტავს: "შრომის კოდექსში დევს სპეციალური მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ თუ დამსაქმებლის გამო ჩერდება ქარხნის მუშაობა და დასაქმებულებს იძულებით შვებულებაში უშვებენ, მათ უნდა მიიღონ ხელფასის სრული ოდენობა. აქ არ იგულისხმება ფორს-მაჟორული სიტუაცია".
"მაგრამ დამსაქმებელი ამბობს, რომ მას ნედლეული უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე წარმოებული პროდუქტი და სახელმწიფოს სთხოვს, ელექტროენერგია უფრო იაფად მისცეს, ვიდრე აქვთ. ახლა ელექტროენერგიას 4.1 თეთრად იღებენ. ამის უფრო გაიაფებას ითხოვენ. ამის გამო კი ჩვენ გვეუბნებიან დავთანხმდეთ, იძულებით მოცდენის დრო დაგვიდგა და როცა ელექტროენერგია დეფიციტში ექნებათ, გააჩერონ მუშაობა და დასაქმებულები ყოველგვარი ანაზრაურების გარეშე სახლში გაუშვან. დღეს 11 ღუმელი მუშაობს, ასეთი მოცდენის პერიოდში კი შესაძლებელია ეს 3 ღუმელამდე დაიყვანონ. უკვე აფრთხილებენ თანამშრომლებს, რომ ივნისიდან წარმოება შეგვიმცირდებაო. შვებულებაში არ უშვებენ ახლა ხალხს იმიტომ, რომ სრული სიმძლავრით მუშაობენ, ივნისში როცა წარმოება შეგვიმცირდება, მერე გაგიშვებთო.
კუთვნილ შვებულებას გადაუხდიან, მაგრამ ამას მიაბამენ იძულებით მოცდენას და განსხვავებული ტარიფით მოხდება ანაზღაურება.
რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი იქნება ზესტაფონში, ბაზარში, მაღაზიაში თუ სხვაგან 1 მილიონით ნაკლები დაიხარჯება და თვითონ მუნიციპალიტეტს დააწვება ტვირთად. დღეს "ფეროს" სახელფასო ფონდი დაახლოებით 2 მილიონია, როცა ადმინისტრაცია ამბობს, რომ იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულებს 60%-ს აუნაზღაურებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ადამიანი აიღებს იმ თანხის 40%-ს, რასაც ხელზე იღებდა, რადგან, დღეს მთლიან ხელფასში რასაც ჩვენ ვირებთ, შედის: პრემია, სამუშაოს ანაზღაურება, ღამით ნამუშევრის ანაზღაურება და რძის კომპენსაცია, რასაც რძის მაგივრად გვიხდიან. ამ ყველაფერს კი ვკარგავთ და იმ თანხის 40-45%-ს ავიღებთ, რაც აქამდე გვქონდა. ეს კი დაახლოებით 1 მილიონით ნაკლები იქნება დასაქმებულებისთვის", _ აღნიშნავს მაჩიტიძე და დასძენს, რომ პროფკავშირი უკან დახევას არ აპირებს და აქციები უვადოდ გაგრძელდება.
იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი ამასთანავე საუბრობს იმაზეც, რომ მას ადმინისტრაციამ უმიზეზოდ გამოუცხადა სასტიკი საყვედური, მეორედ ასეთი საყვედურის შემთხვევაში კი, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
"პირადად ჩემზე საამქროს უფროსს დააწერინეს, რომ თითქოს ღია თათბირი ჰქონდათ მიწვეული, რაზეც არ გამოვცხადდი, ამისთვის კი საყვედური გამომიცხადეს. ეკონომიკური სამსახურის უფროსმაც მოხსენებითი ბარათი შეადგინა და გამომიცხადეს სასტიკი საყვედური. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ამდაგვარივე აბსურდი მოიფიქრონ და გამათავისუფლონ სამსახურიდან", _ ამბობს მაჩიტიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.
"გურია ნიუსი" ეცადა ფეროშენადნობთა ქარხნის მთავარ ინჟინერს, ვასილ გველესიანს დაკავშირებოდა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ სრულმასშტაბიანი უვადო გაფიცვა "ჯორჯიან მანგანეზის" ტერიტორიაზე 9 მაისს, 8:00 საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე: