ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დაანონსებული გაფიცვა დღეს არ შედგა. როგორც "გურია ნიუსს" იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ კახა მაჩიტიძემ უთხრა, დასაქმებულები ადმინისტრაციამ ისე დააშინა, რომ მათ დღეს აქციაზე გამოსვლა ვერ შეძლეს.
"გაფიცვა ვერ შედგა, რადგან ხალხი დაატერორეს. თუ გახვალთ აქციაზე, სამსახურიდან გაგაგდებთ, ხელფასს არ მოგცემთო. ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მოადგილე დიტო ყიფიანი, ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი გოჩა ჭანტურიძე, საწარმოს მთავარი ინჟინერი ვასო გველესიანი, მე-4 საამქროს უფროსი ვასო არევაძე, – ყველა მათგანი ატერორებდა მუშებს და მათ დღეს გაფიცვის სურვილი არ გამოთქვეს.
შეგვეძლო ხალხის ნაწილი გამოგვეყვანა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა გაფიცვას, რადგან ქარხანას მაინც ვერ ვაჩერებდით.
ხალხს დაპირდნენ, დირექტორი ჩამოვა 10 მაისს და ოფიციალურ დოკუმენტს მოგცემთ, ქარხანა არ გაჩერდება, სრული დატვირთვით იმუშავებსო. რომელ დირექტორზეა საუბარი არ ვიცით. დაპირება იყო ის, რომ გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულებები და მასში არ იქნება ჩადებული იძულებითი მოცდენის დროს, რა პროცენტებს გადაუხდიან დასაქმებულებს", _ აღნიშნავს მაჩიტიძე და არ გამორიცხავს, რომ თუ საწარმოს ადმინისტრაციის ეს დაპირება არ შესრულდა, აქციები დაიწყოს.
მისივე თქმით, უკვე ორ დღეა, როგორც მისი, ასევე მისი მოადგილის გოგა ბრეგვაძის ქარხანაში შესასვლელი საშვი დაბლოკილია, რის გამოც ისინი საწარმოში შესვლას ვერ ახერხებენ.
"მე და გოგა ბრეგვაძეს გუშინ საშვები დაგვებლოკა. 6 საათიდან არ მოგცეს შესვლის უფლება. არ არის გამორიცხული პროფკავშირის კომიტეტის სხვა წევრების საშვებიც ასევე დაბლოკილი იყოს. პროფლემის გარკვევა ვცადეთ, მაგრამ გვითხრეს, როგორც ჩანს, სახელფასო ბარათთან ერთად გედოთ ეგ საშვები და დამაგნიტდაო. IT სამსახური დასვენების დღეების გამო არ მუშაობს და სამშაბათამდე ვერავინ დაგეხმარებითო", _ ამბობს მაჩიტიძე.
შეგახსენებთ, რომ პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვა ფეროშენადნობთა ქარხანაში დღეს უნდა ყოფილიყო.
პროფკავშირის ითხოვს – დასაქმებულებთან კოლექტიური ხელშეკრულებები დაიდოს; შეწყდეს პროფკავშირების წევრების დევნა და შევიწროვება; არ მოხდეს ფეროშენადნობთა ქარხნის გაჩერება ან სპეციალურ რეჟიმში გადაყვანა; შეწყდეს დასაქმებულების ინდივიდუალურ კონტრაქტებში იძულებით მოცდენასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა; კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდეს იძულებით მოცდენასთან დაკავშირებული დათქმისა და ტარიფის გარეშე; დასაქმებულების კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვროს 30 სამუშაო დღეს მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოსთვის დამატებული 10 დღით.
ყოველწლიურად განხორციელდეს ხელფასების ავტომატური ინდექსაცია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით; მოხდეს ზეგანაკვეთურად და უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ანაზღაურება კოეფიციენტით 1.5.
ამავე თემაზე: