ლანჩხუთში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად დანიელი ინვესტორი ჯესპერ იორგანსონი იმყოფებოდა, რომელიც კომპანია "sustaine energy a/s"-ის დირექტორი გახლავთ.
დანიელ ინვესტორს ჩვენს მუნიციპალიტეტში იჯარით აღებული აქვს 321 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც 40 ჰა-ზე იტალიური ალვის ხე ირგვება. აღნიშნული ხის ჯიში გადამუშავების შემდეგ ევროპაში გადაიგზავნება, სადაც მას ძირითადად სათბობად იყენებენ, რადგან ეკოლოგიურად სუფთაა და იაფიც ჯდება.
„ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი გურიის, კერძოდ, კი ლანჩხუთის მიწებს. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ალვის ხის გასაშენებლად ყველაზე კარგი ეს ნიადაგი აღმოჩნდა. სამუშაოები თავდაპირველად 40 ჰა–ზე დავიწყეთ. გავასუფთავეთ ფართობები და დავიწყეთ ნერგების დარგვა. სამომავალოდ დაგეგმილი მაქვს აქვე ავაშენო ხის გადამამუშავებელი ქარხანა. ხეების გატანას დანიასა და ნორვეგიაში ვგეგმავ. იქ მათზე ძალიან დიდი მოთხოვნაა“, _ ამბობს ჯესპერ იორგანსონი.
აღნიშნულ კომპანიაში ამჟამად 35 ლანჩხუთელია დასაქმებული. მათ შორისაა პაატა პატეიშვილი, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ სიახლით ბევრმა ლანჩხუთელმა თურქეთში წასვლა გადაიფიქრა, რადგან აქ შესაბამისი ანაზღაურებაცაა და თან სამშობლოდან გადაკარგვა აღარ უწევთ.
"ესეც არ იყოს, ფართობები გავერანებულია, „ჩოჩობა“ ისეა მოდებული სპეციალური ტექნიკის გარეშე, აღარც ამოიძირკვება. წლების განმავლობაში დაუმუშავებელი საყანე ფართობები პირველად ახლა მუშავდება. ასე თუ გაგრძელდა, ბევრი დასაქმდება და ეს მართლაც კარგი საქმეა", _დასძენს პატეიშვილი.
ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სწრაფმზარდი ტყის სანერგე მეურნეობის გასაშენებლად 2 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ე.ჯ.სი ჯორჯიანს“ 25 წლიანი სარგებლობის უფლებით გადასცა ლანჩხუთში მიწის ფართობი.
"შეიძლება 2,5 ნახევარი არ იყოს დიდი ინვესტიცია, თუმცა ასეთი ინვესტიციებით ჩვენ არ ვართ განებივრებულები და შესაბამისად, დადებითი ფაქტია. როგორც ვიცი, სამომავლოდ საუბარია ინვესტიციის 10 მილიონ ლარამდე გაზრდაზე", _ აღნიშნავდა ამასთან დაკავშირებით თავის დროზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე.