ალბათ, ყველაზე აღმაშფოთებელი რაც კი ხდებოდა გურიაში და საერთოდ, XIX საუკუნის საქართველოში, ეს იყო ყმების გაყიდვა ოსმალეთში.
ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი გახლდათ, ამიტომ, იშვიათი იყო ისეთი მსხვილი და წვრილი თავადი, აზნაური, თვით სამღვდელოების წარმომადგენლებიც კი, რომ ამ საქმეს არ დასდგომოდა.
ნოე ჟორდანია თავის მემუარებში ,,ჩემი წარსული” ერთ საინტერესო ამბავს ყვება:
“ოსმალოს დამარცხების შემდეგ ჩოლოქზე ჩვენი ჯარები შევიდა აჭარა-ქობულეთში.
გურული მილიციის ერთი რაზმი ანტონ ქარცივაძის მეთაურობით დაბანაკდა ქ. ართვინში. ანტონმა მიიღო დაპატიჟება სადილად თავისი რაზმით ერთ ბერძნის ოჯახში.
სტუმრები გამოცხადდენ, შეხვდა ახალგაზრდა ლამაზი დიასახლისი, რომელმაც დაახვედრა ჩვენებური სადილი. ქმარი შინ არ იყო.
შუა ჭამაში რომ არიან ანტონს ფერი ეცვალა. დაკვირვებით ათვალიერებს დაისახლისს, უცებ იცნო და იქვე, სტოლის ქვეშ ჩაიკეცა.
მივარდენ, ააყენეს, გაიყვანეს მეორე ოთახში საყვედურებით _ ბევრი დაულევიაო.
მაგრამ ქალი მიხვდა რაშიდაც იყო საქმე.
მიხვდა რომ ქარცივაძემ ის იცნა, შევიდა მასთან ოთახში და ანუგეშებს _ წარსული მე უკვე დიდი ხანია დავივიწყე, ხომ ხედავ ღმერთმა არ მომიძულა, მოვესწარი გურულების ნახვასაც…
გამოჩნდა, რომ ეს ქალია გურიანთელი გლეხის შვილი, მოტაცებული და გაყიდული სწორეთ ანტონ ქარცივაძის მიერ”.