"გურია ნიუსის" მოწვევით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრი ადგილობრივ ახალგაზრდებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ევროკავშირსა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათს გაგრძელდა.
სკოლის მოსწავლე გოგონებმა თავდაცვის მინისტრს იმის ახსნაც კი სთხოვეს, როგორ ჩააბარონ სამხედრო აკადემიაში და როგორ გახდნენ სამხედროები.
_ მე ძალიან მინდა გავხდე სამხედრო! _ აღნიშნა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონამ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე მოსწავლეების თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა და ჯარის ცხოვრების გაცნობაც დაიგეგმა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო სკოლის მოსწავლეებთან. საინტერესო თემებზე საუბრობდნენ. სწორედ, ეს არის ახალი საქართველო.
მთავარი იმედი და რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ აუცილებლად ევროპულ სახელმწიფოდ იქცევა და იმ ოჯახში დაბრუნდება, სადაც ყველანი ერთად ვისწრაფვით, სწორედ, ეს ბავშვები არიან.
ბავშვები, რომლებიც ორი საათის განმავლობაში დაჟინებით კითხულობდნენ დეტალებში ყველაფერს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.