უკვე 24 მაისს, სამშობიარო სახლის მთავარმა მენეჯერმა, ნანა ვერულიძემ თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ 1 ივნისისთვის მთლიანად უნდა დაეცალათ შენობა და ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფოს რამდენიმე ოთახში გადასულიყვნენ.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურ საავადმყოფოში მელოგინეთათვის სულ 8 საწოლია გამოყოფილი, აქედან ორი _ საკეისრო კვეთის შემდეგ გაჩენილი ბავშვებისთვის.
ქობულეთის სამშობიარო სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა ერთხელ ვთხოვეთ, მთავარ მენეჯერს მოეწყო შეხვედრა ახალი მეპატრონის წარმომადგენლებთან, რომელიც გაგვარკვევდა, თუ რა პირობებით გადავდიოდით ცენტრალურ საავადმყოფოში, როგორი იქნებოდა ჩვენი ანაზღაურება, მოხდებოდა თუ არა კადრების შემცირება, ეს შეხვედრა არ შედგა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აქ ჩამოსული იყო “ალდაგი ბისიაის” მთავარი მენეჯერი, ნინო ვახანია, მაგრამ ის ჩვენთან არც კი გამოჩენილა. სრულ გაურკვევლობაში ვართ, ერთადერთი რაც ვიცით, ის არის, რომ დღეს შენობა უნდა დავცალოთ.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე ოთახი სამშობიაროსთვის გამოყვეს, იქვე, ზუსტად 20 მეტრში განთავსებულია კაბინეტი ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. ამ ავადმყოფობით დაავადებულებს ამოსახველებელ საშუალებას აძლევენ და ისინი ჩვეულებრივ გადაადგილდებიან საავადმყოფოს ეზოში, რაც სერიოზული რისკფაქტორია როგორც მელოგინე დედებისთვის, ასევე ახალშობილთათვის”.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის საავადმყოფო ხუთ თვეში უკვე მეორედ გაიყიდა _ დეკემბერში, ის “იმედი ელის” შვილობილმა კომპანიამ “უნიმედმა” შეიძინა. როგორც სამშობიარო სახლის თანამშრომლები აცხადებენ, “უნიმედის” წარმომადგენლები მათ წინასწარ შეხვდნენ და პირობებიც გააცნეს.
რაც შეეხება სამშობიარო სახლის ახალ მეპატრონეს, “ალდაგი ბისიაის”, მისი წარმომადგენლის გამოჩენას ექიმები მთელი დღე უშედეგოდ ელოდნენ.
“გურია ნიუსი” უკვე ესაუბრა “ალდაგი ბისიაის” პრესსამსახურის უფროსს მაია ივჩენკოს, რომელიც შეგვპირდა, რომ ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს ხვალ დილით მივიღებთ.