REUTERS-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა, მიგრანტების კრიზით გამოწვეული საფრთხისა და უსაფრთხოების გამო, სიფრთხილე გამოიჩინა და საქართველოსთვის, კოსოვოსთვის, უკრაინისთვის და თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეაფერხა.
გარდა ამისა, ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას, გერმანიამ და საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირეს.
"ჩვენ არ გვსურს შევაჩეროთ პროცესი, მაგრამ გვინდა მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ,"_აცხადებენ ევროკავშირის დიპლომატები.
როგორც ცნობილია, საიმიგრაციო კრიზისის ფონზე ,23 ივნისს, დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი ტარდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, სადაც გასულ წელს 1 მილიონზე მეტმა მიგრანტმა შეძლო ჩასვლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთმა ვიზალიბერალიზაციის მიღება მოითხოვა, როგორც მიგრანტების კრიზისთან ბრძოლისთვის საჭირო ღირებულება, ხოლო საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის მიღება რუსეთთან გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, რაც შეეხება კოსოვოს, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელსაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია არ აქვს.
როგორც ცნობილია, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ 2 მილიონზე მეტი კოსოვოს, საქართველოს და უკრაინის მოქალაქე ჩავა, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ, ხოლო თურქეთში ჯერ მსგავსი პირადობის მოწმობა არ არის შემოღებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ ევროკავშირის დიპლომატებმა შესაძლოა მომავალ კვირაში იმსჯელონ.
როგორც ცნობილია, 14 ივნისს, დაგეგმილია უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვა.