კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირებისთვის ბრალის წაყენებას ნაადრევს უწოდებს უმრავლესობის ლიდერი. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდება არაადეკვატურია. ხელისუფლებას კი მეტი წინდახედულება უნდა გამოეჩინა, დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო.
“ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აქტიურობდნენ და როგორ აქტიურობდნენ, რამდენად დიდია მათი როლი ამ სამწუხარო ფაქტის ინსპირირებაში, ეს კიდევ ცალკე თემაა და ცოტა ნაადრევად მეჩვენება ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული კორცხელთან დაკავშირებით. ერთი ძალიან ცუდი ინციდენტის ასე მკაცრად განსჯა, მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ ამ ინციდენტს, არ არის ადეკვატური,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიციური პარტია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
„6 მოძალადეზე კი არ უნდა გადატყდეს ჯოხი, არამედ დამკვეთზე უნდა გავიდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ამის დამკვეთი იყო უშუალოდ კახი კალაძე. მან მიზანმიმართულად ჩამოიყვანა ეს ჯგუფი,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თენგიზ გუნავამ.
საკითხთან დაკავშირებით, გამოძიების მიმდინარეობას ნაწილობრივ დადებითად აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ უკვე ყველაფერი სასამართლოზეა დამოკიდებული.
„კარგია, რომ გამოძიება სადღაც მივიდა, მაგრამ მეორეა, გამოძიების შედეგები, სასამართლო როგორ გაითვალისწინებს და დაასაბუთებს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
წყარო: რუსთავი 2