ტელეკომპანია რუსთავი2-ის სასამართლოს პროცესზე, სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილის პროცესზე არ დაუშვეს.
არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სხდომაზე რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის დაშვებასთან დაკავშირებითაც.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სააპელაციო საჩივარზე, სადაც მოპასუხე მხარე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უნდა ყოფილიყო, უარი თქვა. შესაბამისად, მოსამართლეებმა იურუსტების მოთხოვნა – ნიკა გვარამია დაეშვათ სასამართლო სხდომაზე, არ დააკმაყოფილა.
სასამართლო დარბაზში მყოფი იურისტები სხდომაზე ადვოკატ თამთა მურადაშვილისა და დიმიტრი საძაგლიშვილის პროცესზე დაშვებას მოითხოვენ.
„პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმ ისტორიის გახსენება თუ როგორ მოხდა საავტორო უფლებებზე სარჩელის წარდგენა. როგორც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, ის 10 წელი ემზადებოდა ლოგოს და გადაცემების უფლებების დასაბრუნებლად. ბოლო დღემდე იცავდნენ და აპელირებდნენ, რომ მათ უნდოდათ საავტორო უფლებების დაცვა. ყველამ იცოდა, რომ დღეს დასრულდებოდა პროცესი და სულ ბოლო წამში პაატა სალია უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე.
ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ პაატა სალიამ ფაქტობრივად მწვანე ხალიჩა დაუგო მოსამართლეებს იმისათვის, რომ მათ ჰქონოდათ ბრჭყალებში სამართლებრივი საფუძველი, რომ არ დაეშვათ პროცესზე ნიკა გვარამია და ასევე ჩვენ – ადვოკატები. ნიკა გვარამია დარბაზში როგორც დამსწრე რომ დაესწროს, ამის უფლებაც არ აქვს მას. შესაბამისად ნათელი ხდება რა გზით მიდის სასამართლო,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მოსამართლეთა გადაწყვეტილების შემდეგ, სხდომათა დარბაზში მყოფმა პოლიტიკოსებმა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.