საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლების კონსტიტუციურობა.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ერთ შემთხვევაში 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა, არ შეესაბამება ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისგან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომლებიც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაჰუმანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტს ისეთი ქმედება წარმოადგენს, რისთვისაც პირმა, ერთხელ უკვე აგო პასუხი; ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით აღიარებულ, ერთი და იგივე დანაშაულისათვის მსჯავრის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპს – „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“.
ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს.