"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფი ლორენმა ილია მეორესთან შეხვედრაზე უარი თქვა, არასწორია", _ ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი:
"პირველ რიგში, მადლობა გვინდა, გადავუხადოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად თუნდაც ერთი ლარი გაიღო.
გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ რიგი მედიასაშულებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფია ლორენმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ შეხვდებოდა.
ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სოფია ლორენს არ გაუკეთებია, მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერმისვლის გამო. მსახიობი დილით, გამთენიისას, დაგვიანებით შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, რომელიც თითქმის 2 საათი ტურბონენტულ ზონაში იყო, რის გამოც სოფია ლორენი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მის უწმინდესობასთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა ვერ შეძლო, აღსანიშნავია, რომ მსახიობი 81 წლის არის.
ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი პირადად მივიდა ვარსკვლავის მოსანახულებლად "რუმს ჰოტელში".
გუშინ, 15 ივნისს, სოფია ლორენს ოპერაში, საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდენ და მას პატრიარქის მიერ გაგზავნილი საჩუქარი _ თამარ მეფის ჯვრის ანალოგი გადასცეს.
მსახიობმა საპატრიარქოს წარმომადგენლებს არშემდგარი შეხვედრის მიზეზი პირადად გააცნო და მის უწმინდესობას ბოდიში მოუხადა. სოფია ლორენის თქმით, ის აუცილებლად შეხვდება პატრიარქს სხვა დროს, რადგან მის შესახებ ბევრი სმენია და სურს, პირადად გაიცნოს.
მსახიობმა აღნიშნა, რომ პატრიარქის მიერ ნაჩუქარ ჯვარს ამ დღიდან დიდი სიყვარულით ატარებს.
გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც ფონდ "ნატვრის . ხისა" და მისი უწმინდესობის იმიჯის შებღალვას ემსახურება," _ აღნიშნულია განცხადებაში.