ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველომ ევროკომისიის მიერ წაყენებული ყველა პირობა შეასრულა, – ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები დადებითად შეაფასა.
"მოხარული ვარ, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ამოქმედებას დაუჭირა მხარი. 2013 წლიდან მოყოლებული, საქართველომ ევროკომისიის მიერ წაყენებული ყველა პირობა შეასრულა. ამისათვის ჩვენ 130-ზე მეტი კანონის შეცვლა დაგვჭირდა, მათ შორის მიგრაციის, საზღვრების კონტროლისა თუ ანტი-დისკრიმინაციის სფეროებში. ევროკომისიამ ეს ქმედებები დადებითად შეაფასა. უვიზო მიმოსვლა ერთი კვირით ადრე შევა ძალაში თუ ერთი კვირით გვიან, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა ქართველებს არ სურთ წლების განმავლობაში ლოდინი", _ განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ლტოლვილთა კრიზისმა ევროპა დაძაბულ მდგომარეობაში ჩააყენა, ასევე ქართველ კრიმინალებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა მათ შესახებ გერმანული მედიის გამოხმაურება გადაჭარბებულია.
"საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. გასული წლიდან ჩვენ გერმანიაში გვყავს პოლიციის ატაშე. თუმცა, ეს საკითხი და უვიზო მიმოსვლა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. უკანასკნელი გულისხმობს ტურიზმს, ვაჭრობას და კულტურულ ურთიერთობებს. საქართველომ ყველა საჭირო რეფორმა განახორციელა იმისათვის, რომ ქვეყნიდან სამუშაო ტიპის მიგრაციას არ ჰქონდეს ადგილი", _ აღნიშნა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, შეჩერების მექანიზმი საქართველოსთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან დარწმუნებულია, რომ ქართველები უვიზო მიმოსვლას ბოროტად არ გამოიყენებენ.
"რაც შეეხება უკრაინას, მოხარულები ვიქნებით, თუ ისიც მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას. თუმცა, ამავდროულად გვინდა, საქართველოს შესაძლებლობები ობიექტურად შეფასდეს და სხვა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ ჩვენი უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზე გავლენა არ მოახდინოს", _ აღნიშნა ჯანელიძემ.